საქართველოში საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით

ჯარიმის დაკისრების საკითხები კონკრეტდება. შესაბამისი ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები არიან დეპუტატები – ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რიმა ბერაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე.

ინიციატორები განმარტავენ, რომ გაიმიჯნება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში საურავისა და ჯარიმის დაკისრების საკითხი, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება, საურავისა და ჯარიმის დაკისრება როგორც ერთობლივად, ასევე დამსაქმებელს დაეკისრება საურავი ან ჯარიმა ცალ-ცალკე. ცვლილებების თანახმად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის, მათ შორის საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების ფაქტის

იდენტიფიცირების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით.

„საურავის დარიცხვა განხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების

ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე.

აღნიშნული ჩანაწერის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც, თუ ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირება მოხდება გასულ თარიღით, აღნიშნული თარიღიდან მოყოლებული, შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულებამდე დამსაქმებელს დაეკისრება საურავი. ხოლო რაც შეეხება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, აღნიშნული ჯარიმა დამსაქმებელს დაეკისროს, არსებულ მარეგულირებელ ნორმებთან შედარებით, უფრო დაზუსტებულ (შეზღუდულ) შემთხვევებში. კერძოდ, ჯარიმა დაეკისრება დამსაქმებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი იდენტიფიცირებული იქნება საპენსიო შენატანის ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

შესაბამისად, დამსაქმებელმა, თუკი არ უზრუნველყო საშემოსავლო დეკლარაციის წარმოდგენის შედეგად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით, საპენსიო შენატანების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის საპენსიო ფონდის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა დადგენილ ვადაში, ან აღნიშნული ვადის დარღვევით განახორციელა საპენსიო შენატანი, დამსაქმებელი დაექვემდებარება

დაჯარიმებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაჯარიმებას არ დაექვემდებარება ისეთი შემთხვევა, თუკი დამსაქმებელმა წარმოადგინა საშემოსავლო დეკლარაცია და შემდგომ შეასწორა/დააზუსტა აღნიშნული დეკლარაცია (მათ შორის და არა მხოლოდ: დეკლარაციაში დაამატა დასაქმებული, შეცვალა განაცემის ტიპი, შეცვალა საპენსიო შენატანის მოცულობა და ა.შ.), მაგრამ აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის სრულად

განხორციელება. ანუ, დამსაქმებელმა დადგენილ ვადაში და წესით უნდა უზრუნველყოს საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭირო მოცულობის საბალანსო თანხის

ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ანგარიშზე. გასათვალისწინებელია, რომ საურავი დაეკისრება დამსაქმებელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილ შემთხვევაში და წესით“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საპენსიო ფონდი უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ პირს, მათ შორის დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების, ან მათი კორექტირების შესახებ და ამ

ინფორმაციით იხელმძღვანელოს დამსაქმებლისთვის ჯარიმის/საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

„მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო ფონდისთვის პირველად წყაროს საპენსიო შენატანების განუხორციელებლობის ფაქტის იდენტიფიცირებისათვის შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემები წარმოადგენს, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დაეყრდნოს მის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლის შედეგად მიღებულ შედეგებს და გადაწყვეტილება დამსაქმებლის მიმართ მიიღოს აღნიშნულ შედეგებზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აღნიშნული უფლებამოსილება, საპენსიო ფონდს მისცემს შესაძლებლობას კონკრეტულ შემთხვევებში (მონიტორინგის პროცესში), მიუხედავად შემოსავლების მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა, დამოუკიდებლად საკუთარი დისკრეციის ფარგლებში იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პირველი არხი