ყოველწლიურად სპორტის ხელშესაწყობად სახელმწიფო საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე ხარჯავს, რაც მთლიანი ხარჯის 0,9%-ს შეადგენს. სპორტზე გაწეული ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტის 0,28%-ია. საერთაშორისო მაჩვენებელი კი − 0,4%-ია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევებია პროფესიულ საკალათბურთო კლუბებში. კერძოდ, 21 კლუბის მიერ დაფიქსირებული პასუხებიდან 11 კლუბისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საკალათბურთო დარბაზების ნაკლებობა და მათი არსებულ სტანდარტთან შესაბამისობა.
გთავაზობთ, რეგიონების მიხედვით მუნიციპალიტეტების პროცენტულ რაოდენობას, სადაც არ არსებობს პროფესიული კალათბურთის მიმართულებით ინფრასტრუქტურა და ფუნქციონირებს სექცია/წრე, სექციის მოსარგებლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.
აუდიტის ჯგუფის მიერ მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით 35 მუნიციპალიტეტში (57%) პროფესიული კალათბურთის მიმართულებით ფუნქციონირებს 40 სპორტული ობიექტი (46 დარბაზი), ხოლო 28 მუნიციპალიტეტში (43%) აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რაც მიუთითებს ინფრასტრუქტურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
აუდიტის თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით რეგიონების მიხედვით კალათბურთის პროფესიული სპორტული ინფრასტრუქტურის განაწილება და კალათბურთის სექციის მოსარგებლეთა რაოდენობა შემდეგია:
აუდიტის ჯგუფმა გააანალიზა ინფორმაცია ზემოთ მითითებული მუნიციპალიტეტების მიერ ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის შეთავაზებული სპორტული სახეობების შესახებ, ასევე − კალათბურთის მიმართულებით სექციის მოსარგებლეთა რაოდენობა. რიგ შემთხვევებში აღნიშნული მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებობს კალათბურთის მიმართულებით სექცია/ წრე, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სექციის მოსარგებლეები ვარჯიშობენ არასტანდარტული ტიპის მოედანზე, როგორებიცაა, მაგალითად: კერძო/საჯარო სკოლის დარბაზი, ღია სივრცეში მასობრივი სპორტის განვითარებისთვის არსებული მინიმოედანი და სხვ.
კერძოდ, 28 ისეთი მუნიციპალიტეტიდან, სადაც კალათბურთის მიმართულებით არ არის წარმოდგენილი პროფესიული ინფრასტრუქტურა, 15 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კალათბურთის სექცია, რაც მიუთითებს აღნიშნული სპორტის სახეობის მოთხოვნის არსებობაზე.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ სექციებზე 2023 წლის მდგომარეობით, ჯამში რეგისტრირებულია − 579 ბავშვი/მოზარდი, მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებული სექციებით მოსარგებლეთა 15%.