მემარჯვენე თუ ცენტრისტი პაპი? იტალიური პრესა ჯორჯია მელონისა და ემანუელ მაკრონს შორის დაპირისპირებაზე წერს, რამაც ვატიკანის კულისებში ფრანცისკეს მემკვიდრის არჩევაზე შეიძლება მოახდინონ გავლენა.
ცენტრისტული გამოცემების მტკიცებით, იტალიის მთავრობის მეთაური და პოსტფაშისტური პარტია „იტალიის ძმების“ (Fratelli d'Italia) თანადამფუძნებელი ჯორჯია მელონი, იმისთვის, რომ რომის ახალ პაპად კონსერვატორული შეხედულებების მქონე კარდინალი აირჩიონ, ფარულად აღვივებს ინტრიგებს. თავის მხრივ, მემარჯვენე გაზეთები იუწყებიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბერალურად განწყობილი კარდინალის დაწინაურებას ცდილობს.
21 აპრილს არგენტინელი პონტიფიკოსის გარდაცვალებისა და ვატიკანში იმ კარდინალთა მოწვევის შემდეგ, რომლებმაც 7 მაისს გახსნილ კონკლავში უნდა მიიღონ მონაწილეობა, პოლიტიკური მანევრები უკვე დასკვნით ეტაპზეა გასული.
პეტრეს ტახტის მომავალი მფლობელი სწორედ ვატიკანში თავმოყრილ „ეკლესიის მთავრებს“ შორის უნდა ვეძებით, რომლებიც ყველა კონტინენტს წარმოადგენენ და განსხვავებული მორალური და პოლიტიკური მგრძნობელობის მქონე სასულიერი პირები არიან.
ახალი პაპის პერსონის მიმართ ცხოველი ინტერესის გარდა, ასევე ყურადღების ცენტრშია, თუ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება ეკლესიისთვის ისეთ არსებით საკითხებზე, როგორიცაა ქალების როლი, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, აბორტი, სიცოცხლის ხელყოფა, განქორწინებულთა და ლგბტ+პირთა ეკლესიის წიაღში მიღება... ამ საკითხებთან მიმართებაში მომავალი პაპის კრედოს საზომად შეიძლება გარდაცვლილი ფრანცისკეს მრწამსი გამოდგეს იმის მიუხედავად, რომ ხორხე ბერგოლიოს (ანუ, ფრანცისკეს - რედ.) მოწინააღმდეგეები მეტისმეტად ლიბერალურ პაპად მიიჩნევენ.
სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი
„ლა სტამპას“ ცნობით, სამოციქულო სასახლესა და პალაცო ჩიგის შორის, რომელიც რომში იტალიის მთავრობის მეთაურის რეზიდენციას წარმოადგენს, „კავშირის ძაფებია გაბმული“.
„წლების განმავლობაში კავშირების გაბმა“ კი ალფრედო მანტოვანოს მიეწერება, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მდივანია. თავისი თანამდებობის წყალობით, ის კურიასთან და ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოსთან იტალიის მთავრობის №1 საკონტაქტო პირია.
ტურინული გაზეთი იუწყება, რომ წლევანდელი კონკლავი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადია, რადგან ფრანცისკეს მიერ დანიშნული კარდინალების მნიშვნელოვანი ნაწილი პლანეტის „პერიფერიებიდან“ არიან, ერთმანეთს არ იცნობენ და ვატიკანის კულუარული დაჯგუფებების საიდუმლოებებს არ ფლობენ.
იგივე გამოცემა წერს, რომ ალფრედო მანტოვანო „აგროვებს ინფორმაციებს, ესაუბრება კარდინალებს, ეცნობა მათ განზრახვებს“ და ეს ყველაფერი „კავშირშია“ ორ კარდინალთან (ანჯელო ბანიასკოსთან და მაურო პიაჩენცასთან), რომლებიც, მართალია, პაპის არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ პაპ ფრანცისკეს 12-წლიან მმართველობის „კავშირების გასაწყვეტად“ ძალ-ღონეს არ იშურებენ.
მემარჯვენე პრესა, უფრო მეტად, ემანუელ მაკრონის პოზიციით და ქმედებებით ინტერესდება.
ულტრამემარჯვენე გაზეთი „ლიბერო“, რომლის რედაქციასაც ჯორჯია მელონის კაბინეტის კომუნიკაციის ყოფილი სპიკერი, მარიო სეკი უდგას სათავეში, ირწმუნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე შეარჩია სახელი თავისი კანდიდატისთვის, მარსელის არქიეპისკოპოს ჟან-მარკ აველინისთვის: პაპი იოან XXIV.
„ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“ ელისეის სასახლის ბინადრისთვის, რომელსაც ფრანცისკესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა: აწ უკვე გარდაცვლილი რომის ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ერთი მხრივ, საფრანგეთის კონსტიტუციაში აბორტის უფლების შეტანამ გააღიზიანა, მეორე მხრივ, კი ფრანცისკე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალი გახსნის ცერემონიაზე საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან იგნორირებამ გაანაწყენა.
„მაკრონს პაპის არჩევაში მონაწილეობის მიღება სურს“, - აცხადებს კიდევ ერთი კონსერვატიული გაზეთი „ლა ვერიტა“ და საფრანგეთის პრეზიდენტის „სასოწარკვეთილ მცდელობას“ დასცინის.
ემანუელ მაკრონის გარემოცვამ „უსაფუძვლო ბრალდებები“ მალევე უარყო.
გაზეთ „ილ ტემპოს“ ცნობით, ემანუელ მაკრონმა, რომში პაპის დაკრძალვაზე ყოფნის დროს, ფრანგ კარდინალებთან ერთად ისადილა. ეს ინფორმაცია „ფრანს პრესს“ სადილის ერთ-ერთი მონაწილის გარემოცვამ დაუდასტურა.
როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მაკრონმა წმინდა საყდარში საფრანგეთის საელჩოში, ფარნგ კარდინალებთან: ჟან-მარკ აველინთან, ფრანსუა-ქსავიე ბუსტილოსთან, ფილიპ ბარბარინთან და კრისტოფ პიერთან ერთად ისადილა.
„ყველა ძალიან ფრთხილობდა, რომ მომავალი კენჭისყრის წინ, სადილზე მყოფ კარდინალებზე გავლენა არ მოეხდინათ. დისკუსია, ძირითადად, პაპ ფრანცისკესთან დაკავშირებულ მოგონებებს შეეხო“, - განაცხადა წყარომ.
ყველა ფსონი გარკვეულია
ბუკმეკერების საიტები ამჟამად პაპის ტახტზე ფავორიტად ვენეციელ პიეტრო პაროლინის ასახელებენ, რომელიც ფრანცისკეს დროს, თავისი გავლენით, მეორე პერსონა იყო. თუმცა - უფრო ზომიერი, დამყოლი და ნაკლებად ქარიზმატული.
„ლა სტამპას“ მტკიცებით, თუ პონტიფიკოსად იტალიელ კარდინალს აირჩევენ, ჯორჯია მელონის ურჩევია, ის მატეო ზუპი იყოს, რომელიც დოგმების მიმართ ნაკლები სიხისტით გამოირჩევა.
კარდინალი ზუპი ასევე არის კათოლიკური თემის, სანტ-ეგიდიოს გავლენიანი წევრი, რომელიც წმინდა საყდრის არაფორმალური დიპლომატიური არხის როლს ასრულებს.
როგორც „ლა ვერიტა“ აღნიშნავს, თავის მხრივ, მაკრონს, პაპის საარჩევო კამპანიაში, სანტ-ეგიდიოს პრეზიდენტის, ანდრეა რიკარდის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტი ასე არ იქცევა“, - პასუხობს ამაზე მაკრონის გარემოცვა.
არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკული დაფინანსება ზოგჯერ ვატიკანზე ზეწოლის საშუალება ხდება. ვატიკანის დაფინასების მესამედი შეერთებულ შტატებზე მოდის.
ცნობისთვის, აშშ-ის მოქმედი რიგით 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს.
წყარო: 1tv.ge