ინდოეთმა პაკისტანიდან იმპორტი აკრძალა. „ეს შეზღუდვა მიღებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერია ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური დირექტორატის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთმა მომხდარში პაკისტანი დაადანაშაულა, რასაც ისლამაბადი უარყოფს, აცხადებს, რომ ინდოეთი სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს.
თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა, ხოლო პაკისტანმა ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების მოქმედება შეაჩერა.
როგორია შეფასებები?
ინდოელი ისტორიკოსისა და უფლებადამცველის, მრიდულა გოშის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დღეს არსებული დაპირისპირება ამ ორ ქვეყანას შორის დიდ ომში გადაიზარდოს. მისი თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ვითარების ესკალაციას არ აპირებს.
ეს კომენტარი ინდოელმა უფლებამცველმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გააკეთა.
„დავიწყებ იმით, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ მიმართა და დაურეკა ვლადიმერ პუტინს და ვლადიმირ ზელენსკის. ნარენდრა მოდი მათგან დაჟინებით მოითხოვდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებას და დიპლომატიურ ჩარჩოებში დაბრუნებას. 2022 წელს, პუტინთან შეხვედრისას, მან რუსეთის პრეზიდენტს საჯაროდ უთხრა, მოვიყვან ციტატას: „დღეს აღარ არის ომის ეპოქა“. ამიტომ, მე მჯერა, რომ მოდის იგივე პოზიცია ექნება, როდესაც საქმე საკუთარ ქვეყანას ეხება“, - აღნიშნა გოშმა.
უფლებადამცველის თქმით, მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ ინდოეთი, მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობით, მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ამიტომ, ისლამურ პაკისტანთან ომმა შეიძლება ქვეყნის შიგნით ძალიან სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს. როგორც გოში ამბობს, ჰიმალაის მთებში მდებარე პატარა ქალაქ პაჰალგამში მომხდარი ტერაქტი ინდოეთსა და ქაშმირში მცხოვრებმა მუსლიმებმაც დაგმეს.
„მე ვფიქრობ, ინდოეთმა შეგნებულად გადადგა ნაბიჯები მდინარე ინდის წყლის გამოყენების შესახებ არსებული შეთანხმების შესაჩერებლად, რათა საკითხის სერიოზულობა გაეზარდა, მაგრამ მაინც მჯერა, რომ საქმე სრულმასშტაბიან ომამდე არ მივა“, - თქვა მან.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პაკისტანს ჩინეთი უჭერს მხარს თუ პეკინი ამ კონფლიქტში ჩაერთვება, მაშინ ინდოეთს ძალიან გაუჭირდება.
„ეს კონფლიქტი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს. უპირველეს ყოვლისა, ტრამპისა და პუტინისთვის, რადგან ყურადღება უკრაინიდან ახალ დაპირისპირებაზე გადავა“, - დასძინა გოშმა.
მანამდე, პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ატაულა ტარარმა განაცხადა, რომ ინდოეთი პაკისტანის წინააღმდეგ, მომდევნო 24-36 საათის განმავლობაში, სამხედრო ოპერაციების დასაწყებად ემზადება.
სამშაბათს, 29 აპრილს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მისცა „სრული ოპერატიული თავისუფლება“, უპასუხონ პაჰალგამში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, როლის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ „ინდია თუდეის“ სამთავრობო წყაროებმა განუცხადეს.
ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე მიიღეს.
რა არის ცნობილი პაჰალგამში მომხდარი ტერაქტის შესახებ
სამშაბათს, 22 აპრილს, შეიარაღებულმა პირებმა ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, პაჰალგამის მახლობლად მდებარე კურორტზე, სულ მცირე, 26 ტურისტი მოკლეს. მათი უმეტესობა ეთნიკურად ინდოელი იყო.
პაკისტანმა თავდასხმა დაგმო და მასში რაიმე სახით თავისი მონაწილეობა უარყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ტურისტების სიცოცხლის ხელყოფით შეშფოთებულია“. მართალია, პაკისტანი ტერაქტში მონაწილეობას უარყოფს, მაგრამ, ამავე დროს, აკრიტიკებს ინდოეთის ისეთ ქმედებები, როგორიც არის „წყლის ომი“ და საჰაერო სივრცისა და საზღვრების დახურვა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფება „წინააღმდეგობის ფრონტმა“, რომელმაც ინდოეთი ქაშმირში მომხდარ დემოგრაფიულ ცვლილებებში დაადანაშაულა.
ქაშმირი არის სადავო რეგიონი ინდოეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქაშმირის დაყოფა ოფიციალური შეთანხმებებით არ არის დადასტურებული, თავად რეგიონი კი ინდოეთს, ჩინეთსა და პაკისტანს შორის მუდმივი დაძაბულობისა და დაპირისპირების წყაროს წარმოადგენს.
ქაშმირის ტერიტორიაზე მდებარეობს ინდოეთის ორ შტატი: ქაშმირი და ჯამუ, აგრეთვე პაკისტანის ავტონომიური პროვინცია „აზად ქაშმირი“ („თავისუფალი ქაშმირი“). რეგიონის დანარჩენ ნაწილს ჩინეთი აკონტროლებს. სამ ქვეყანას შორის საზღვრები ოფიციალურად არ არის დადგნელი და აღიარებული. ინდოეთი და პაკისტანი პრეტენზიებს მთელ ქაშმირზე აცხადებენ და 1947 წლიდან რეგიონულ კონფლიქტში არიან ჩართულნი.
ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში 22 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემდეგ განვითარებული მოვლენები
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მოდიმ 23 აპრილს მინისტრთა კაბინეტი ტერაქტზე მსჯელობისთვის შეკრიბა და განაცხადა, რომ თავდასხმის მონაწილეები „მომხდარზე პასუხს აგებენ“. ამის შემდეგ, ინდოეთმა პაკისტანის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა დროებით შეწყვიტა და ადრე გაცემული ვიზები გააუქმა. ასევე დახურა მთავარი სახმელეთო გამშვები პუნქტი და მდინარე ინდის წყლის გამოყენების შესახებ შეთანხმება შეაჩერა.
24 აპრილს ქაშმირის პოლიციამ დაასახელა სამი ეჭვმიტანილი პირის ვინაობა, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მათგან ორი პაკისტანის მოქალაქეა.
თეთრმა სახლის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტერაქტის შესახებ ინფორმირებულია. მოგვიანებით, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტრამპმა დაურეკა მოდის და „დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის საკითხში ინდოეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“.
24 აპრილს ინდოეთმა პაკისტანისკენ მიმავალი მდინარე ინდის წყლის ნაკადი დაბლოკა. საპასუხოდ, პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასეთ ქმედებებს ომის აქტად მიიჩნევს.
მოსალოდნელია, რომ მდინარე ინდის წყლის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება სერიოზულ გავლენას მოახდენს პაკისტანზე, რადგან ამ ქვეყნის წყლის რესურსს ქმნიან მდინარე ინდის აუზის მდინარეები: ჯელუმი, ჩენაბი, რავი, ბეასი და სუტლეჯი. მათ წყალს ათობით მილიონი ადამიანი მოიხმარს და სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავად და დასალევად იყენებს.
1tv.ge