ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ორივე ქვეყანამ სამხედრო შენაერთები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ინდოეთსა და პაკისტანს შორის გასულ საუკუნეში სამი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, თუმცა მაშინ მათ არ გააჩნდათ ბირთვული არსენალი. ბირთვული სახელმწიფოების დაპირისპირება კი კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იქნება. ამ კონტექსტში საინტერესოა სამხედრო ძალთა ბალანსი.
როგორც ცნობილია, ბირთვული პროგრამა თავდაპირველად ინდოეთმა დაიწყო 1960-იან წლებში. ამ დროს ინდოეთსა და პაკისტანს შორის მეორე ომი ახალი დასრულებული იყო. ომი 1965-66 წლებში პოზიციური ხასიათის იყო და ზავით დასრულდა. ქვეყნებს შორის დაძაბულობის უმთავრესი მიზეზი თავიდანვე ჯამუ და ქაშმირის შტატი იყო, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმი, ხოლო შტატის ხელმძღვანელობა კი ინდუსი იყო.
ინდოეთის შემდეგ მალევე, 1972 წელს, პაკისტანი იწყებს ბირთვულ პროგრამას. თუმცა მანამდე, 1971 წელს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის მესამე, მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც პაკისტანი დამარცხდა.
თავად ბირთვული არსენალი ამ ორი ქვეყნის შეიარაღებაში მოგვიანებით გამოჩნდა. ინდოეთში 1974 წელს, პაკისტანში კი – 1998 წელს.
სამხედრო ძალთა ბალანსის მხრივ უდავოდ სასწორის პინა ინდოეთის მხარესაა გადახრილი. როგორც ცოცხალი ძალის რაოდენობის, ისე სამხედრო საშუალებების მხრივ.
ინდოეთის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით მილიონ-ნახევარი სამხედრო ირიცხება, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე პაკისტანს ჰყავს. ეს თანაფარდობა აისახება არმიაზე, საზღვაო და საჰაერო ძალებზე. ინდოეთს, ფაქტობრივად, ორჯერ მეტი რესურსი აქვს.
გარდა ამისა, ინდოეთს საკმაოდ მრავალრიცხოვანი სანაპირო დაცვაც ჰყავს.
ეს მონაცემები ემყარება ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს.
თუკი ამ ქვეყნებს შორის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, მაშინ დაახლოებით ორი მილიონი სამხედრო ძალის დაპირისპირებას ვიხილავთ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალი რეკორდული მაჩვენებელი იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ, როგორც კვლევითი ორგანიზაციები წერენ, სრული მობილიზაცია არც კი იგულისხმება.
საინტერესო სურათი გვაქვს ბირთვული იარაღისა და სხვა სამხედრო საშუალებების თვალსაზრისითაც. ინდოეთის უპირატესობა ყველაფერში იგრძნობა, როგორც საარტილერიო საშუალებების, ისე საბრძოლო ტანკების, სამხედრო ავიაციისა და წყალქვეშა ნავების თანაფარდობის მხრივ. თუმცა ინდოეთისგან განსხვავებით, პაკისტანს ავიამზიდი არ ჰყავს. მისი საზღვაო ძალაც საკმაოდ მოკრძალებულია. როგორც ჩანს, პაკისტანის გათვლა ბირთვულ არსენალზეა და ამ კუთხით მონაცემები, ფაქტობრივად, ერთნაირია.
ქაშმირის რეგიონი, რომელიც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის წყაროა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული რეგიონია. ფაქტობრივად, აქ ყველანაირი სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფება გვხვდება როგორც კონვენციური, ისე არაკონვენციური. და ახლა ესკალაციის ახალი ფაზაა. ამ დაძაბულობამ კი ორი ქვეყნის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა. ორივე ქვეყნის არმია მობილიზებულია.
რა ტიპის შეიარაღებას გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება. ასევე ვინ არიან ამ ქვეყნების სამხედრო პარტნიორები. ამ საკითხებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სამხედრო მიმომხილველმა გიგა ინაშვილმა ისაუბრა.
წყარო: euronews georgia