გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მე-2 მონაკვეთის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების შესახებ მიღებული სკოპინგის დასკვნა ძალადაკარგულად გამოაცხადა.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიღებული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის 1-ელ სექტემბერს პროექტის განმახორციელებელმა მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა მიმართა.
სკოპინგის დასკვნა, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა, ითვალისწინებდა თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის განახლებული პროექტით მშენებლობას. წინა პროექტი მოსახლეობის პროტესტის გამო 2019 წელს შეჩერდა.
ინფორმაციისთვის, გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მე-2 მონაკვეთის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადი მიმდინარე წლის მარტის ბოლოს შევიდა. იქამდე არსებული პროექტით აღნიშნულ მონაკვეთს ფონიჭალის ტერიტორია უნდა გაევლო. პროექტის ფარგლებში განხილული იყო 6.8 კმ სიგრძის ურბანული გზის მოდერნიზაცია. პროექტი ითვალისწინებდა მდინარე მტკვრის პირას ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას, არსებული ორზოლიანი გზის მოდერნიზაციას ოთხ ზოლამდე.
ძირითადი ცვლილება, რაზეც სკოპინგის დასკვნა იყო გაცემული, ფონიჭალისთვის გვერდის ავლას ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტი თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის ნაწილია. საპროექტო მონაკვეთი რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ფონიჭალა-რუსთავის პროექტი გზის მეორე მონაკვეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს.
ამასთან, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასული წლის ივნისში გამოაცხადა. საუბარია 3-კილომეტრიან გზაზე, რომელიც ფონიჭალას გაივლიდა. ხელშეკრულება შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალთან“ არის გაფორმებული. კომპანია სამუშაოს 3 165 000 ლარად ასრულებს. ხელშეკრულების ვადა 2028 წლის ბოლომდეა.