გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

„ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტ ყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.

ბოლო 3 თვეში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა შავი ზღვის სანაპიროზე, თიქორის არხზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე მდინარეებზე - ხობისწყალი, ტეხურა,  ენგური,  კაპარჭინა, მუნჩია, ყორათი, ჭანისწყალი, აბაშისწყალი, ჩოლოქი,  აჭარისწყალი, მტკვარი, ქსანი და ქუსნო.  


გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა დედაქალაქშიც, თბილისის ზღვაზე.  


ღონისძიებების შედეგად ამოღებულია, ჯამში 2000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე, 300 მეტრი გასაჭიმი ბადე, 2 ერთეული მახე-ბადე, 13 ერთეული თევზმახე - ე.წ. „გოდორი“ და „ფაცერი“. 


თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეებში დააბრუნეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.