ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 6 თვეში,ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანაში 18 გამოფენა/ფესტივალსა და 137 დეგუსტაცია-სემინარზე. აღნიშნული ქვეყნებია: იაპონია, აშშ, ნორვეგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ფინეთი, სომხეთი, პოლონეთი და ბელგია.
უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში 8 ღვინის ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
ასევე აღსანიშნავია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამართული ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას. მიმდინარე წელს, საქართველოში 15 გამოფენა/ფესტივალი და 4 დეგუსტაცია/კონკურსი გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692.969 ლარი ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ მიიღო.
ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა და 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.