„სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობებში ფულის შემოდინება ფაქტობრივად შეწყდება. ეს შეიძლება შეეხოს ასევე სამხედრო თვალსაზრისით შესყიდვებს ან ფულის მიმოქცევას ისეთ არეებში, რომლებიც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, პირობითად, ჯანდაცვის მიმართულებას,“ – ამბობს პოლიტიკის მკვლევარი ნინო სამხარაძე, მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეავტორიზაციის აქტის შესახებ ვკითხეთ, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა. რა იცვლება ამით აშშ-საქართველოს ურთიერთობებში?

პოლიტიკის ანალიტიკოსს ვესაუბრეთ ევროკომისარ მარტა კოსის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტზეც, როცა კომისარი კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოს ნაცვლად აზერბაიჯანს სტუმრობდა.

„კანდიდატის სტატუსის არმქონე სომხეთიც კი, ბევრად უფრო სანდო პარტნიორია ევროკავშირისთვის, ბრიუსელისთვის, ვიდრე მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მქონე თბილისი. ამიტომაც, ფოკუსი ბრიუსელიდან ლოგიკურიც არის, რომ სომხეთისკენ უფრო ძლიერად ინაცვლებს,“ – გვიყვება პოლიკის ანალიტიკოსი.

„ბათუმელებმა“ პოლიტიკის მკვლევართან, ნინო სამხარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ნინო, რა იცვლება საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში, როცა აშშ-ი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქართული ოცნების მთავრობის არაღიარების შესახებ ჯო უილსონის შესწორებას რეავტორიზაციის აქტში?

სახელმწიფო დეპარტამენტის რეავტორიზაციის აქტი არის რეალურად აქტი, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობების იმ განზომილებას, რომლებმაც გარკვეული ლეგიტიმაცია უნდა მისცეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში მეორე ქვეყანას და მეორე ქვეყნის მთავრობას კონკრეტულად. ამ აქტმა, რომელიც ალბათ გავა სხვადასხვა ბიუროკრატიულ განხილვაზე, უკვე იმდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა საგარეო კომიტეტის საერთო უმრავლესობის მხარდაჭერის სახით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, კონკრეტულად კი, „ქართული ოცნების“ უკიდურესად სადაო ხელისუფლების როლისა და ადგილის განსაზღვრაში.

ნინო სამხარაძე

არსებობს იმის პოტენციალი, რომ ამ კონკრეტულ შესწორებას აქტში შეიძლება გარკვეული დებატი მოჰყვეს შემდგომ განხილვებში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მსაზღვრელი ამ კონტურებისა, როგორც წესი, არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. ამ კომიტეტის მიერ ხმამიცემული, ასეთი წამლეკავი უმრავლესობით მხარდაჭერილი ნებისმიერი შესწორება უკვე სახეზეა.

ამ ეტაპზე, „ქართული ოცნების“ სადაო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ მხოლოდ უნდა ვიმედოვნოთ, რომ სხვადასხვა განხილვაზე აშშ-ში პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა ძლიერად დაუჭერს მხარს ამ იდეას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიდევ სხვა ტიპის ავტორიზაციის თუ აპროპრიაციის აქტები, რომლებმაც უფრო მეტად უნდა გააძლიეროს შედეგები და აღსრულება ამ აქტისა.

რეავტორიზაციის აქტი არის მაღალი პრიორიტეტის აქტი, ამიტომ წესითა ბიუროკრატიული პროცესი ამის თაობაზე საკმაოდ სწრაფად უნდა წავიდეს.

  • ამ აქტმა პროცედურულად იგივე გზა უნდა გაიაროს, რაც „მეგობარმა აქტმა“?

„მეგობარი აქტი“ იმ პირობებში, როდესაც ის შეიძლებოდა ყოფილიყო შენარჩუნებული „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, გადის ზუსტად იმავე ბიუროკრატიულ პროცესს, რა პროცედურასაც გადის, ზოგადად, ნებისმიერი ავტორიზაციის აქტი, თუმცა „მეგობარი აქტი“, როგორც აქტი და დამოუკიდებელი კანონის პროექტი, უკვე სხვა პროცედურებს მოითხოვს.

ავტორიზაციის აქტში მსგავსი ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო მაღალ პრიორიტეტად დასახელდება ამ ტიპის განხილვები კონგრესში და უფრო სწრაფად გადაწყდება აღსრულებაც, ანუ პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერით დადასტურების ან ვეტოს საკითხები. ეს არის მცირე განსხვავება.

თუმცა თავდაცვის აქტი და სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტიც გადის ფორმალურ ბიუროკრატიულ პროცესს.

ამ ცვლილებამ კონკრეტულ კომიტეტში მიიღო მხარდაჭერა და ახლა წარმომადგენელთა პალატაზე უნდა გავიდეს. წარმომადგენელთა პალატა ძალიან დიდი ალბათობით ასევე სწრაფად დაუჭერს მხარს აი, ამ კონკრეტულ ცვლილებას და, ზოგადად, დოკუმენტის იმ ფორმასაც, რა ფორმითაც ის ახლა მზადდება განხილვაზე გასატანად. შემდგომში უკვე აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, პალატებს შორის როგორ გადანაწილდება ეს დებატი.

რისკი იმისა, რომ „მეგობარი აქტი“ რა ეტაპზეც, „გაიჭედა“ –  ვგულისხმობ ინდივიდუალური სენატორების დონეს – ეს რისკი არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტის რეავტორიზაციის აქტთან დაკავშირებითაც. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავება არის „მეგობარი აქტის“ პათოსსა და ამ კონკრეტულ შესწორებას შორის: ეს კონკრეტული შესწორება არაღიარებას და ფინანსების მართვას უფრო მეტად ეხება და შეიძლება ამან უფრო ადვილად გაიაროს ორივე პალატა და ნაკლებად გახდეს დებატის საგანი – განსხვავებით „მეგობარი აქტისგან“.

  • თუ მიიღებს აშშ ავტორიზაციის აქტს საქართველოს შესახებ შესწორების გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ „ოცნების“ მთავრობას აშშ არ აღიარებს, კიდევ რაზე აისახება ეს?

არაღიარებასთან დაკავშირებული შესწორება – „მეგობარი აქტისგან“ განსხვავებით – გულისხმობს იმას, რომ არცერთი ფინანსური გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში და სხვადასხვა ორგანოში, რაც მოემსახურება კონკრეტული ხელისუფლების აღიარებას.

ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსების შემოდინება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიმართულებით საერთოდ უნდა შეწყდეს. აქ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ამ კონკრეტული ცვლილების საფუძველზე, ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური, თუ ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა და ასე შემდეგ, რაც მოითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ შემოსავალს – ეს დახმარება იქნება თუ გრანტი – საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას ეს შეზღუდავს.

ეს უფრო მეტად შეეხება ისეთ ფინანსურ თანამშრომლობას, რაც მოემსახურება ვაშინგტონის მიერ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ აღიარებას. ამ ცვლილებას ჰქვია „ქართული კოშმარის არაღიარების შესახებ“ ცვლილება, თუმცა შეიძლება ეს არ ნიშნავდეს იმას, რომ ვაშინგტონი, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია დელეგიტიმაციას უკეთებს საქართველოს ხელისუფლებას – პოლიტიკური კავშირები შეიძლება ისევ იყოს. კონკრეტულად ადმინისტრაციულ-ფინანსურ ურთიერთობებს და კავშირებს ეხება ეს შესწორება.

  • „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ვეღარ მიიღებს ამერიკულ დაფინანსებას რაიმე ფორმით?

დიახ, მარტივად რომ ვთქვათ, ასე იქნება. სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობებში ფულის შემოდინება ფაქტობრივად შეწყდება. ეს შეიძლება შეეხოს ასევე სამხედრო თვალსაზრისით შესყიდვებს ან ფულის მიმოქცევას ისეთ არეებში, რომლებიც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, პირობითად, ჯანდაცვის მიმართულებას.

  • რას ნიშნავს პოლიტიკურად ამ აქტის მიღება ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობისთვის?

პოლიტიკურად ეს იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა ორმხრივ ურთიერთობებში. ბოლო, დაახლოებით 9-10 თვის განმავლობაში, იმდენად სერიოზული ნგრევა განიცადა საქართველო-აშშ-ს ორმხრივმა ურთიერთობამ, რომ ეს კონკრეტული აქტიც, რა თქმა უნდა, ერთი ნაბიჯი არის უკან, თუმცა ისეთ მნიშვნელოვანს უკვე ვეღარ აზიანებს, რაც აქამდე არ დაზიანებულა.

ეს უფრო მეტად დამანგრეველია პოლიტიკურად კონკრეტული პარტიისთვის და კონკრეტული მთავრობისთვის – „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებულ მთავრობას ვგულისხმობ.

  • რეავტორიზაციის აქტის მიღება რამდენად გაააქტიურებს სანქციების პოლიტიკის იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება საქართველოში?

ცხადია, ბევრად უფრო გაააქტიურებს დებატს იმის შესახებ, მათ შორის, სენატორებს შორის დებატს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პარალელურად „მეგობარ აქტში“ მოქცეული სანქცირების იდეა, რომელმაც შეიძლება საქართველოს ახალი ადგილი მიუჩინოს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია „მეგობარი აქტის“ მომენტი, რომელიც არის ორპარტიულად და უმრავლესობით მხარდაჭერილი. „მეგობარი აქტი“ შეეწირა კონკრეტულ პიროვნული წინააღმდეგობებს, ავტორიზაციის დოკუმენტიდან ის საერთოდ ამოღებულია.

ეს იყო ერთგვარი სწრაფი გზა, რომ „მეგობარი აქტი“ წარმატებით მიეღო მიმდინარე წლის ბოლომდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა დონეზე, როგორც საკანონმდებლო, ისე აღსრულების დონეზე.

ახლა უკვე „მეგობარ აქტს“, როგორც დამოუკიდებელ კანონს, თავისი გზა აქვს გასავლელი და აი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციაში მიღებული ეს ცვლილება, რომელიც მხარს დაუჭერს, შეუქმნის ზურგს „მეგობარ აქტს“ იმისთვის, რომ უმრავლესობა შეინარჩუნოს „მეგობარმა აქტმა“ მომდევნო განხილვებისთვის სენატში.

  • რა შანსი რჩება, რომ აშშ-მ მიიღოს „მეგობარი აქტი“? მაგალითად, ენმ-ს ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობდა, რომ „მეგობარი აქტი“ უნდა მიებას თავდაცვის აქტს.

ცნობილია უკვე, რომ თავდაცვის აქტს „მეგობარი აქტი“ ვეღარ მიებმება, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დამოკიდებული სრულფასოვან ხმის მიცემაზე სენატში. როდესაც აქტს ერთი სენატორიც კი ბლოკავს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი უკვე იმ სახით ვეღარ მიიღება, როგორც ეს ჩვენ გვსურდა.

მნიშვნელოვანია ის, რომ პროცედურულად „მეგობარ აქტს“ აქვს დამოუკიდებელ კანონის პროექტად გასვლის შანსი – სენატორების უმრავლესობა საკმარისია, რომ „მეგობარი აქტი“ მიიღონ, როგორც დამოუკიდებელი კანონი.

ჩვენთვის პრიორიტეტი თავდაცვის აქტში ის იყო, რომ უფრო სწრაფად და პრიორიტეტულად ხდება თავდაცვის აქტში არსებული „მეგობარი აქტის“ განხილვა. ჩვენ გვქონდა შანსი, რომ უახლოეს დღეებში მიეღოთ ეს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა მუშაობს ისე, რომ აი, „მეგობარი აქტი“ ვერ გავიდა, მაგრამ ეს მანიპულაციაა – „მეგობარი აქტი“ ვერ გავიდა კონკრეტულად თავდაცვის აქტში, ანუ ვერ გავიდა პრიორიტეტულად, მაგრამ მას აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. ის დამოუკიდებელ კანონად ალბათ გავა, თუ ფუნდამენტურად არაფერი შეიცვალა სენატში.

თავდაპირველად სამი სენატორი და შემდეგ ეტაპზე უკვე მხოლოდ ერთი სენატორი უშლიდა ხელს თავდაცვის აქტის მიღებას. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად წამლეკავი უმრავლესობა აქვს „მეგობარ აქტს“, როგორც დამოუკიდებელ აქტს, მას 80-90 სენატორი  მხარს დაუჭერს, როგორც დამოუკიდებელ აქტს.

  • რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამას?

ამას არ აქვს კონკრეტული გაწერილი ვადები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სხვა კანონები რა ტემპით, რა სირთულის კანონები იქნება სენატის წინაშე განსახილველი.

არა მგონია, „მეგობარი აქტი“, როგორც დამოუკიდებელი აქტის განხილვა წელს მოესწროს – საშუალო პრიორიტეტის კანონებსაც კი, სამი-ოთხი თვე დაახლოებით სჭირდება, რომ მივიდეს ხელის მოწერამდე.

გარდა ამისა, საქართველო არ არის იმ ტიპის პრიორიტეტი, რაც შეიძლება სწრაფად რომ გავიდეს ეს კანონი განხილვაზე.

ასევე, ტრამპის ადმინისტრაციამ დემოკრატიის ნაწილი შედარებით უკან გადაწია, როგორც საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტი – ამას გვაჩვენებს ახალი პრიორიტეტები, რომლებსაც ტრამპი საგარეო პოლიტიკაში სახავს.

მართალია, ჯო უილსონი ძალიან ერთგულად ემსახურება საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას, თუმცა მისი კოლეგები, დემოკრატიის ნაწილში არ არიან მაინცდამაინც მიმწოლები… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე პირადად არ ველი, რომ წელს „მეგობარი აქტი“ დადგება განხილვაზე.

  • რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, რა ეტაპზე გადავიდა ეს ურთიერთობა „ოცნების“ დამსახურებით? საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში – მარტა კოსი საერთოდ არ სტუმრობს საქართველოს, როცა მას აქვს ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში.

გაფართოების საკითხებში კომისარი, ფაქტია, ჩადის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც გაფართოების კალათის ოფიციალური წევრები არ არიან. მარტა კოსის ეს ვიზიტი უფრო რეგიონულ ვიზიტად უნდა აღვიქვათ.

სომხეთი და აზერბაიჯანიც არიან ის ქვეყნები ევროკავშირის პრიზმაში, რომლებიც ევროკავშირთან ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის დღის წესრიგში არიან მოქცეული. ამიტომაც, გაფართოების ნაწილი არც სომხეთისა და არც აზერბაიჯანისთვის ამ ეტაპზე, დარწმუნებული ვარ, დღის წესრიგში არ დგას. მარტა კოსი იქიდან გამომდინარე, რომ არის ამ რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი გულშემატკივარი და მცოდნე, მას ენდობა ევროკავშირი. ენდობა იმ ანგარიშების მომზადებაში, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირი გაააქტიურებს, როგორც ფინანსურ-ლოჯისტიკურ, ისე პოლიტიკურ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

საქართველოს ამ პროექტიდან ამოღება – ჩვენ რომ დავივიწყოთ, რომ თუნდაც ფორმალურად საქართველო გაფართოების კალათის წევრია – ეს უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირი ყველაზე დაბალ ნდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების და მთავრობების მიმართ, საქართველოს უცხადებს. მათ შორის, ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა ტიპის რეგიონული ჰაბთან დაკავშირებული პროექტების თვალსაზრისით.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამ დედაქალაქს შორის ყველაზე ნაკლებ ნდობას ევროკავშირი უცხადებს თბილისს. მარტა კოსი გაესაუბრება ერევანსა და ბაქოში შესაბამის პირებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ინვესტიციები შეიძლება ევროკავშირმა გააკეთოს რეგიონში ტრანზიტული პოტენციალის ასამაღლებლად. ვვარაუდობ, რომ აქ უფრო მეტად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება საუბარი.

საქართველო პოლიტიკურადაც უკვე ისეთ ეტაპზეა ევროკავშირთან გადასული, რომ ევროკავშირსა და ამ ფორმაციის საქართველოს მთავრობას შორის ყველა ხიდი ჩატეხილია, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსურ-ინფრასტრუქტურული ურთიერთობები. ეს არ არის შემთხვევითი გამოტოვება. ეს ერთგვარი გზავნილია, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ქართველი ხალხის მიმართაც, რომ ამ ფორმაციის ქვეყანასთან, ამ მომენტში შეუძლებელია ურთიერთობა.

  • ეს არის ის გზავნილიც, რომ სომხეთი შეიძლება უფრო ადრე გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიდრე საქართველო?

ევროკავშირი ყოველთვის ორ განზომილებას აფასებს, როდესაც ის თავის პარტნიორებთან ურთიერთობას აყალიბებს. პირველი, ეს არის სტატუს-კვო, რაც ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ამ ეტაპზე საქართველო ბიუროკრატიულად, პირობითად, ბევრად წინ არის, ვიდრე სომხეთი – „ოცნების“ პროპაგანდამ შეიძლება ეს ნაწილი ძალიან ინტენსიურად გამოიყენოს, როდესაც ბრიუსელიდან წამოსულ უსამართლო ბრალდებებზე საუბრობს – თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მათ შორის ფორმალურ ანგარიშებსა და არაფორმალურ საუბრებშიც კი, ტემპი და ვექტორი.

კანდიდატის სტატუსის არმქონე სომხეთიც კი, ბევრად უფრო სანდო პარტნიორია ევროკავშირისთვის, ბრიუსელისთვის, ვიდრე მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მქონე თბილისი. ამიტომაც, ფოკუსი ბრიუსელიდან ლოგიკურიც არის, რომ სომხეთისკენ უფრო ძლიერად ინაცვლებს.

აზერბაიჯანი ყოველთვის ბალანსის პოლიტიკას ირჩევს – ეს ნიშნავს იმას, რომ გაწევრებასთან დაკავშირებულ პროცედურებში თავის პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ რესურსს არ ხარჯავს.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე ბუტაფორიული ნიუანსი უფრო, ვიდრე ქმედითი, დე-ფაქტო, კონკრეტული შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ ბრიუსელში ჯერ კიდევ ელოდებიან მოვლენათა განვითარებას საქართველოში. მაგალითად, კანდიდატის სტატუსზე, ან უვიზო რეჟიმზე განხილვები ჯერჯერობით არ არის ისეთი დაჩქარებული და ინტენსიური, რომ დღეს და ხვალ რადიკალური გადაწყვეტილებები მოვისმინოთ.

ბრიუსელში ადევნებენ თვალს იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს თბილისში უახლოეს თვეებში. ამის შემდეგ ჩვენ იმ რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც ვნახავთ ალბათ, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო.

  • თუმცა „ოცნება“ არ ღალატობს ჩვეულ რიტორიკას და ვნახეთ, მაგალითად, შალვა პაპუაშვილის მორიგი თავდასხმა ელჩებზე: იგი ოპოზიციასთან დიპლომატების ნებისმიერ შეხვედრას „ძალადობრივი ქმედებების“ თანამონაწილეობად მიიჩნევს.

„ოცნება“ იმ ეტაპზეა გადასული, როდესაც მან უნდა მოახდინოს ავტორიტარიზმის საბოლოო კონსოლიდაცია. ავტორიტარიზმის საბოლოო კონსოლიდაციას კი, დასჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში არაპროპორციული ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძვის.

წარმოუდგენელია, „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს არ უქმნიდეს თბილისში მყოფი დიპლომატების კრიტიკული პოზიციები, რომლებიც ძალიან ხმამაღლა ეხმარებიან ქართულ დემოკრატიას. „ქართული ოცნების“ ამოცანა – კონსოლიდაცია მოახდინოს ავტორიტარიზმის, ხოლო ევროკავშირი აქტიურად მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას – ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია.

ამიტომაც, „ოცნებამ“ დემონიზაცია უნდა მოახდინოს ხელისშემშლელი ნებისმიერი აქტორისა – დიპლომატების ჩათვლით, რომლებიც დემოკრატიას ლობირებენ საქართველოში.

„ქართულ ოცნებას“ ნებისმიერი ხიდი დამწვარი აქვს ბრიუსელთან, ევროკავშირის ნებისმიერ ინსტიტუციასთან და ასევე ორმხრივ ურთიერთობებში. თუ აქამდე ევროპარლამენტი იყო ძირითადად თავდასხმის არეალი – იმიტომ, რომ ევროპარლამენტი ბევრად უფრო თამამი იყო თავის რეზოლუციებში, დებატებში, ევროდეპუტატები ბევრად უფრო მნიშვნელოვან და მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ დემოკრატიული უკუსვლის შესახებ – ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან წვავს „ოცნება“ ხიდებს.

ეს ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ზარალია და დამატება იმ თვითიზოლაციაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ უპირებს ჩვენს სახელმწიფოს.

შეიძლება, თვითიზოლაციის ეტაპი ძალიან კომფორტულიც იყოს ახლა „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა ამ თვითიზოლაციის საფასურს ისინი აუცილებლად გადაიხდიან და ეს ძალიან კარგად იციან. სწორედ ამიტომ არის მათი რიტორიკა ასეთი აგრესიული და ყველა ხიდის დამწველი ინდივიდუალურ დიპლომატებთან მიმართებაშიც კი.

batumelebi.netgazeti.ge