LEGO Group-სა და Batman-ს ერთად დიდი გზა აქვთ განვლილი, დაწყებული ოფიციალური ნაკრებით, გაგრძელებული ბეტმენის ფილმით და დამთავრებული უახლესი Arkham Asylum-ის ნაკრებებით. და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი თუ არა თამაში, რომელიც Caped Crusader-ის საიდუმლოებებით მოცული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს? მალე LEGO Batman: Legacy of the Dark Knight-ის თამაში მთავარ პლატფორმებზე, მათ შორის PlayStation 5-ზე, Xbox Series X|S-ზე, Nintendo Switch 2-სა და PC-ზე, გამოვა!
ამის შესახებ Gamescom 2025-ზე ტრეილერით განაცხადეს და გამოშვების თარიღად 2026 წელი დაასახელეს. მართალია, ბეტმენის თემატიკით წარსულშიც არაერთი თამაში გვინახავს, მაგრამ პირველი შემთხვევაა 10 წლის შემდეგ, როცა პროცესში ლეგოც ჩაერთო. ბოლო თამაში 2014 წელს იყო აქტიური LEGO Batman 3: Beyond Gotham-ის სახელით. მობილური პლატფორმებისთვის კი LEGO Batman Movie-ის თამაში 2017 წელს გამოვიდა, რაც LEGO DC Super Villains-ის გამოსვლას დაემთხვა…
და რადგან ახლა პროცესში ლეგო ჩაერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ Gotham City კუბიკებისგან იქნება აწყობილი. ტრეილერში ფილმიდან ნაცნობ სცენებსაც აწყდებით. ხოლო როგორც მოთამაშე, უფრო მეტს შეიტყობთ სუპერგმირის წარმომავლობის შესახებ და Batcave-ის პერსონალიზებაც შეგეძლებათ.
მოკავშირეებსაც შემოიერთებთ, იქნება ეს Jim Gordon, Robin, Nightwing, Batgirl, Catwoman თუ Talia al Ghul. ამასთან, DC სუპერბოროტმოქმედებთან საინტერესო ბრძოლაში ჩაერთვებით. ამ უკანასკნელში კი შემდგომი სახელები მოიაზრება: Poison Ivy, Ra’s al Ghul, Bane, The Joker, The Penguin და სხვები.
მისიების შესრულებისას კლასიკური მანქანებითა და კოსტიუმებით დაჯილდოვდებით. მოკლედ რომ ვთქვათ, თამაშში ყველა ის დეტალი იქნება გაერთიანებული, რომელიც Batman Arkham-ში მოსწონდათ… LEGO Batman: Legacy of the Dark Knight-ით მარტოც ისიამოვნებთ ან კიდევ ერთი მოთამაშე შეგიძლიათ, დაიმატოთ.