„ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე დაბალია და მოთხოვნა მაღალ სიჩქარეზე არსებობს“, - ასე ეხმაურება მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას Speedtest-ის კვლევას.

ცნობისთვის, Speedtest Global Index-ის კვლევის მიხედვით, საქართველო, მეზობელ ქვეყნებს შორის მობილური ინტერნეტის სიჩქარით პირველ ადგილზე, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ბოლო ადგილზეა.

როგორც სეთური განმარტავს, ფიქსირებული ინტერნეტის კუთხით სამეზობლოში ბოლო ადგილი გამოწვეულია მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე მოთხოვნის ნაკლებობით.

კერძოდ, მისი თქმით, საქართველოში არსებულ ოპერატორებს შეუძლიათ იმაზე მაღალი სიჩქარის შეთავაზება, ვიდრე მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი სარგებლობს, თუმცა მოსახლეობის მხრიდან დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება. სეთური აღნიშნავს, რადგან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს 30 მბიტ/წმ სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტი აქვს, ამან Speedtestის რეიტინგის ფორმირებაზე იმოქმედა.

„ფასების ნაწილში ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე საინტერესო მომენტს: პირველი, როგორია ფასები რეგიონებსა და ქალაქებში. ფიქსირებული ინტერნეტის ფასები რეგიონებში არის დაბალი, შესაბამისად, იქ ფასების ზრდა ნორმალური პროცესია, იმიტომ, რომ იქამდე არსებული ფასები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოპერატორები განვითარდნენ. ისინი მუშაობენ მოკლევადიან პერიოდში გადარჩენისთვის და განვითარების საშუალებას არ იძლევა. თბილისში ეს ასე არ არის - დედაქალაქში რეგიონებთან შედარებით, ფასები მაღალია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე პრობლემა არ გვაქვს თბილისში.

ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ სიჩქარე დაბალია და მოთხოვნა მაღალ სიჩქარეზე არსებობს. მოსახლეობის დიდი წილი მოითხოვს საშუალოდ 30 მბიტ/წმ სიჩქარის ინტერნეტს. არის 30-50 მბიტ/წმ-მდე მოთხოვნა, მაგრამ ძალიან ცოტაა მათი რაოდენობა; ამასთანავე, სულ რამდენიმე ერთეულია 100 მბიტ/წმ და უფრო მეტ ინტერნეტის სიჩქარეზე მოთხოვნა. ის რომ რეიტინგში დაბალ ნიშნულზეა საქართველო, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ შეთავაზება არ არის მაღალ სიჩქარეზე - არის, თუმცა მოთხოვნა ძალიან დაბალია მაღალ სიჩქარეზე. იმედი გვაქვს, რომ 5G ინტერნეტის „დივაისების“ მეტად დანერგვის შემდეგ, აუცილებლად გაიზრდება მოთხოვნა“, - ამბობს უჩა სეთური.

როგორც მანვე აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს 30 მბიტ/წმ სიჩქარემდე ფიქსირებული ინტერნეტი აქვს, ხოლო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის წილი სულ რამდენიმე პროცენტია.

„რეიტინგში საქართველოს დაბალი მაჩვენებელი მოთხოვნის არარსებობის გამოა. მერწმუნეთ, ბაზარზე დღეს წარმოდგენილი ყველა ოპერატორს ბევრად მაღალი მოცულობის სიმძლავრის ინტერნეტის მიწოდება შეუძლიათ. სხვადასხვა მონაცემებს თუ შევხედავთ, დაახლოებით 30 მბიტ/წმ-ზე მოთხოვნა არის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის მხრიდან; მხოლოდ და მხოლოდ 2-3% ითხოვს მაღალ სიჩქარეს, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს რიგი ფაქტორებით, მათ შორის ფასებით“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ უჩა სეთურმა.

წყარო: www.bpn.ge