ამბავი ასეთია: სასამართლო დარბაზში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხელახლა გაისმა კრისტოფერ პელკის ხმა, ადამიანის, რომელიც არიზონაში მომხდარი სროლის შედეგად 2021 წელს დაიღუპა. ასე მას საშუალება მიეცა, საკუთარი ჩვენება წარედგინა მისი მკვლელის გაბრიელ პოლ ჰორკასიტასის განაჩენის გამოტანისას. 

იდეა პელკის დას სტეისი უელსის ეკუთვნის, რომელმაც იგი ქმართან და ახლო მეგობართან ერთად განახორციელა. AI ხელსაწყოების გამოყენებით ციფრულად შექმნეს პელკის ხმა და მსგავსი ვიზუალი. სასამართლოში კი პელკის AI ვერსიამ პირდაპირ მიმართა მკვლელს:

გაბრიელ ჰორკასიტასს, კაცს, რომელმაც მესროლა: ცუდია, რომ იმ დღეს მსგავს გარემოებებში შევხვდით ერთმანეთს… სხვა ცხოვრებაში, ალბათ, ვიმეგობრებდით. მჯერა პატიების და ღმერთის, რომელიც მიუტევებს. ყოველთვის მწამდა და ახლაც ასეა.

საინტერესოა, რომ AI ვიდეო რეალურ კადრებსაც მოიცავს, რომელიც პელკის პიროვნულ დეტალებს გვაცნობს, მათ შორის მის გამორჩეულ იუმორს:

მართალია, ეს რევოლუციური ამბავია, მაგრამ არც ეთიკური მხარე უნდა დავივიწყოთ. ამ ამბის შემდეგ არიზონას სასამართლომ კომიტეტი შექმნა, რომელმაც უნდა განიხილოს, AI-ის გამოყენების გავლენა სასამართლო პროცესებში. მთავარი მოსამართლე ენ ტიმერის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებმა, შესაძლოა, გააუმჯობესოს სასამართლო პროცესები, ბოროტად გამოყენების თავიდან ასარიდებლად დამცავი ზომებია საჭირო…

რაც შეეხება პელკის ოჯახის პოზიციას, ამბობენ, რომ მიზანი განაჩენზე ზემოქმედება კი არა, არამედ სასამართლოში კრისტოფერისთვის საკუთარი პოზიციის გაჟღერების უფლების მიცემა იყო. მიუხედავად ამისა, ალბათ, მომავალში AI-ის გამოყენება მსხვერპლთა უფლებების დაცვის კუთხით წარიმართება… და თქვენ რას ფიქრობთ, უნდა მიეცეს თუ არა ტექნოლოგიას სასამართლოში გარდაცვლილთა სახელით საუბრის უფლება?

marketer.ge