Visual Capitalist-მა, ენერგეტიკის ინსტიტუტის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ბირთვული ენერგიის წარმოების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი შემოგვთავაზა. მონაცემების თანახმად, 2024 წელს, გლობალურად ბირთვულმა ელექტროსადგურებმა 2,818 ტერავატ/საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც მსოფლიოში ელექტროენერგიის მთლიანი წარმოების დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

გასული წლის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბირთვული ენერგიის წარმოებით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ აშკარა ლიდერია. მასზე მსოფლიოში წარმოებული ბირთვული ელექტროენერგიის თითქმის 30% მოდის, რაც რეიტინგში მის შემდეგ მყოფი ორი ქვეყნის ჯამური წარმოების ეკვივალენტურია.

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ახალი მასშტაბური რეაქტორები არ ამოქმედებულა, მაღალი სიმძლავრის კოეფიციენტებმა და არსებული ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებამ აშშ-ის ბირთვული ენერგიის წარმოების მაჩვენებელი სტაბილურად შეინარჩუნა.

2024 წლის მონაცემებით, მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, რომელიც ბოლო პერიოდში აღნიშნული მიმართულებით სწრაფად ვითარდება. ის ბირთვული რეაქტორების ფლოტის გაფართოებას აქტიურად აგრძელებს და ამჟამად აზიურ ქვეყანაში მშენებლობის პროცესში რამდენიმე ახალი რეაქტორია.

საფრანგეთმა, სადაც ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი ატომური ენერგიისგან მიიღება, 2024 წელს ხუთ უმსხვილეს მწარმოებელს შორის წლიურად ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა (+12.2%).

ცნობისთვის, რუსეთმა, ატომური ენერგიის მეოთხე უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, გასულ წელს უმნიშვნელო კლება (-1.0%) დააფიქსირა. კანადის, ესპანეთისა და ფინეთის შემთხვევაშიც მცირედი კლება აღინიშნა, ძირითადად, მათ ქსელებში დაგეგმილი გათიშვის ან დატვირთვის კორექტირების გამო.

მეორეს მხრივ, ინდოეთმა 2024 წელს ატომური ენერგიის წარმოების კუთხით ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა. 2023 წლის დონესთან შედარებით გასულ წელს მაჩვენებელი 13%-ზე მეტით გაიზარდა.

ტოპ-10 ქვეყანა ბირთვული ენერგიის წარმოების მიხედვით:

ადგილი ქვეყანა ბირთვული ენერგიის წარმოება (ტერავატ/საათი) გლობალური წილი
1 აშშ 823 29.2%
2 ჩინეთი 451 16.0%
3 საფრანგეთი 381 13.5%
4 რუსეთი 216 7.7%
5 სამხრეთი კორეა 189 6.7%
6 კანადა 86 3.0%
7 იაპონია 85 3.0%
8 ინდოეთი 55 1.9%
9 ესპანეთი 55 1.9%
10 უკრაინა 53 1.9%
🌐 მსოფლიო 2,818 100%

forbes.ge