„ფაქტობრივად, არც ერთი კუთხე არ არის დარჩენილი ყურადღების გარეშე, გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო მიმოსვლა, იმდენად ბევრი ადგილი შეემატა ჩვენს ტურისტულ რუკას, რომ გადანაწილდა ტურისტები“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ტურისტულად პოპულარული გახდეს ის ადგილებიც, სადაც რამდენიმე წლის წინ სპეციალური მომზადების გარეშე მისვლა რთული იყო. როგორც თეთრაძემ განმარტა, ასეთია მაგალითად ხვამლის მთა, სადაც წელს ტურისტების რაოდენობის ზრდა შეინიშნებოდა.

ამასთანავე, რესპონდენტს ვკითხეთ, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე რომელიც ადგილები იყო ყველაზე მეტად პოპულარული ტურისტებში. მისი თქმით, საქართველოს ტურისტულ ადგილებში წელს მეტ-ნაკლებად თანაბრად იყო მოგზაური გადანაწილებული.

„განვითარებულმა ინფრასტრუქტურამ და ამ სფეროს სწორმა მენეჯმენტმა მიგვიყვანა იქამდე რომ ბევრი ადგილი, რომელიც უმეტეს ქართველს არ აქვს ნანახი, ძალიან პოპულარულია ტურისტებში. ძალიან ბევრი მხარე გახდა პოპულარული - მაგალითად, რაჭას, სადაც ცოტა ტურისტი იყო ხოლმე აქამდე, წელს ბევრი მოგზაური ეწვია. ასევე, ლეჩხუმიდან გზის გაკეთებამ დიდი პოპულარობა შესძინა ლეჩხუმსაც და სვანეთსაც. გურიაც კი, რომელიც ყველაზე მივიწყებული იყო, თავისი ნიშა მონახა და ძალიან ბევრი ხალხი დადის ახლა. ეს ყოველივე არის როგორც გიდების, მძღოლებისა და ტურისტული კომპანიების, ასევე სახელმწიფოს დამსახურებაც, რადგან ინფრასტრუქტურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამა თუ იმ ადგილას მივიდეთ. თუნდაც რომ ავიღოთ ხვამლის მთა, ხვამლის მთა გადაიტვირთა იმდენი ხალხი დადის, რამდენიმე წლის წინ სპეციალურად თუ არ მოემზადებოდი, ისე ვერ ადიოდი მის მოსანახულებლად. პოპულარულია მაღალმთიანი აჭარაც, კახეთი და ყველა კუთხეში მეტ-ნაკლებად თანაბრად მოიმატა ტურისტების რაოდენობამ, რამდენიმე პოპულარული ტურისტული ადგილის გამოყოფა გამიჭირდება“, - განაცხადა გიორგი თეთრაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

www.bpn.ge