აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მაისს სოციალურ ქსელში ევროკავშირზე 50%-იანი ტარიფის დაწესება დააანონსა, რის შემდეგაც ოვალურ კაბინეტში რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ბლოკთან ეკონომიკური შეთანხმების მიღწევა მის ინტერესებში აღარ არის.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტმა ევროკავშირი აშშ-სთან უსამართლო სავაჭრო ტაქტიკების ქონაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ახალი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა.
"გამკლავება ევროკავშირთან, რომელიც უმთავრესად ვაჭრობის მხრივ აშშ-ს თავის სასიკეთოდ გამოყენების მიზნით შეიქმნა, ძალიან რთული აღმოჩნდა. მათმა ძლიერმა სავაჭრო ბარიერებმა, დამატებითი ღირებულების გადასახადებმა, აბსურდულმა კორპორაციულმა ჯარიმებმა, არამონეტარულმა სავაჭრო ბარიერებმა, მონეტარულმა მანიპულაციებმა, უსამართლო და გაუმართლებელმა საჩივრებმა ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და კიდევ ბევრმა სხვა [ფაქტორმა] აშშ-სთან სავაჭრო დეფიციტი გამოიწვია, წელიწადში $250,000,000-ზე მეტი, რიცხვი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია. მათთან მოლაპარაკებებს არსად მივყავართ!
შესაბამისად, მე რეკომენდაციას ვუწევ პირდაპირ 50%-იან ტარიფს ევროკავშირზე, რომელიც 2025 წლის 1-ელ ივნისს დაიწყება. ტარიფი არ არსებობს, თუ პროდუქტი აშშ-ში მზადდება ან იწარმოება". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
როგორც ჩანს, ოვალურ კაბინეტში გაკეთებული კომენტარებით ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალურ ქსელში დაანონსებული ტარიფების მუქარას. როდესაც მას რეპორტიორებმა ჰკითხეს, იყენებდა თუ არა ტარიფების ახალ მუქარას, რათა ევროკავშირისთვის აშშ-სთან შეთანხმების დადება ეიძულებინა, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი პირობები უკვე შეჯერებულია და "50%-ზე რჩება".
ტრამპმა დაამატა, რომ "არ იცის", თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს, რათა აშშ-ს ახალი ტარიფები აირიდოს თავიდან. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, "ვნახავთ, რა მოხდება, თუმცა ამჟამად, [ტარიფები] 1-ელ ივნისს [წესდება] და ასეც იქნება".