უორენ ბაფეტი წლის ბოლოს Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დატოვებს და პენსიაში გავა. 

მისივე განმარტებით, მას კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს ამჟამინდელი ვიცე-თავმჯდომარე, გრეგ აბელი, ჩაანაცვლებს. ის ბაფეტმა თავის შემცვლელად ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ აირჩია.

ცნობისთვის ბაფეტმა Berkshire Hathaway ტექსტილის მწარმოებელი წარუმატებელი ბიზნესისგან $1 ტრილიონიან კომპანიად აქცია.

გადადგომის მიუხედავად, იგი თავისი აქციების გაყიდვას არ აპირებს და მათ გაცემას გეგმავს.

Barkshire Hathaway-ის ჰოლდინგი 60-ზე მეტ კომპანიას ფლობს. მათ შორისაა Duracell, Dairy Queen, Geico… კომპანია ასევე ფლობს აქციებს ისეთ ბიზნესებში, როგორებიცაა Coca-Cola. Bank of America და American Express.

Bloomberg-ის შეფასებით, უორენ ბაფეტი მსოფლიოს რიგით მეოთხე უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება $154 მილიარდამდეა. 

ვეტერანი ინვესტორი 65 წელია ომაჰაში, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს.

მან პირველი ფული ექვსი წლის ასაკში გამოიმუშავა, პირველი აქციები 11 წლის ასაკში იყიდა და პირველი საგადასახადო დეკლარაცია 13 წლის ასაკში წარადგინა.

სხვათა შორის, ბაფეტი ტრამპის ახალ სატარიფო პოლიტიკას, რომელმაც მსოფლიო "სავაჭრო ომი" გაამძაფრა, არ იწონებს.