ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მთლიანად მოწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე სახლების სახურავებზე იმყოფება. ხელისუფლებამ სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი სამხრეთ უელსის შტატის, ჰანტერისა და მიდ ნორთ ქოსტის რეგიონების დასახლებები. ზოგიერთ ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხი თვის ნალექი მოვიდა. ადიდებულია მდინარეები.

ავსტრალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში 300 მმ ნალექი მოვიდეს, რაც მაისის საშუალო ჯამურ რაოდენობაზე სამჯერ მეტია.

ახალი სამხრეთ უელსის შტატის საგანგებო სიტუაციების კომისარმა, მაიკ ვასინგმა განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურის თანამშრომლები პრიორიტეტს ანიჭებენ მოწყვლადი ადამიანების გადარჩენას, ვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია.

„ამჟამად ფოკუსირებული ვართ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად სახურავებზე არიან და ვერ ახერხებენ გამოსვლას“, – განაცხადა ვასინგმა.

პირველი არხი