ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტს ამზადებს, რათა შეზღუდოს ომის დაფინანსება. ახალი ზომები უნდა შეეხოს ნავთობისა და გაზის სექტორს და რუსეთის ფედერაციის ფინანსურ სისტემას.
ამის შესახებ RBC-Ukraine იტყობინება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს, TF1 ტელეარხზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე.
ბაროს თქმით, ეს სანქციების პაკეტი 2022 წლის შემდეგ მიღებულ პაკეტებს შორის ყველაზე ძლიერი იქნება. მან პირდაპირ უნდა დაარტყას კრემლის ფინანსურ და ენერგეტიკულ რესურსებს, რომლებიც პუტინს საშუალებას აძლევს, ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები.
ბაროს თქმით სანქციების შედეგად, მოხდება Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის მეშვეობით ტრანზაქციების აკრძალვა, რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის შემცირება ბარელზე 60 დოლარიდან 45 დოლარამდე, ასევე სანქციები ტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომლებიც შეზღუდვების გვერდის ავლას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, ტრანზაქციების სრული აკრძალვა მოხდება 22 რუსულ ბანკთან, რომლებიც ასევე მესამე ქვეყნების მეშვეობით მუშაობენ.
ბარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები შეიძლება ასევე შეეხოს უცხოურ კომპანიებსა და შუამავლებს, რომლებიც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, ევროპელი დიპლომატები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი სანქციების პაკეტი სერიოზული დარტყმა იქნება კრემლის ფინანსური ნაკადებისთვის.