ლიეტუველი პოლიტიკოსისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ედუარდას ვაიტკუსის საქმეს, მინსკში ვიზიტისა და ბელარუს პოლიტიკოსებთან შეხვედრების შემდეგ, პოლიცია იძიებს. ვაიტკუსი ლიეტუვის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებშია ეჭვმიტანილი.

ეს ინფორმაცია სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისს“ (BNS) პოლიციის პრეს-მდივანმა, რამუნას მატონისმა დაუდასტურა.

ვაიტკუსმა, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მიმართ ოფიციალური ვილნიუსის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს, მინსკში ბოლო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ლიეტუვას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არ ჰყავს და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გზაზე დგას.

მინსკში ვაიტკუსი პარტია „ბელაია რუსის“ ლიდერს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა. მისი ამ და სხვა შეხვედრების, ასევე გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია სამშაბათს ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა.

ვაიტკუსმა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 7,31 პროცენტი მიიღო და მეხუთე ადგილზე გავიდა.

ბოლო საყოველთაო არჩევნების დროს, „ლიეტუვის სახალხო პარტიამ“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ხმების მხოლოდ 2,64 პროცენტი მოაგროვა და, შესაბამისად, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სისტემატურად ურჩევს თანამოქალაქეებს, რომ ბელარუსში არ ჩავიდნენ, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში უკვე იმყოფება - დაუყოვნებლივ დატოვონ იგი.

ვაიტკუსი კომენტარს არ აკეთებს

ხუთშაბათს, კომენტარის გაკეთების თხოვნით დაკავშირებისას, ვაიტკუსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ინტერვიუ მის ადვოკატთან უნდა შეთანხმდეს.

„თქვენ იცით, რომ ჩემი ადვოკატი და წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის მაჟვიდას მისიუნასი. დაურეკეთ მას და ჩემთან ინტერვიუ მასთან შეათანხმეთ“, - განუცხადა ვაიტკუსმა BNS-ს.

კითხვას, ხომ არ სურდა, რომ შექმნილ ვითარებაზე კომენტარი ახლავე გაეკეთებინა, მან უარით უპასუხა: „თქვენ ლიეტუვური ენა არ გესმით? მაშინ, ნახვამდის“.

მისმა ადვოკატმა, BNS-თან საუბრისას, განაცხადა, რომ წინასწარი საგამოძიებო მოქმედებების გაცნობის შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონია. მისიუნასმა ასევე აღნიშნა, რომ ვაიტკუსი ბელარუსში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გაემგზავრა.

„მისი მოგზაურობის მიზანი იყო კავშირების გაძლიერება, რათა ეს ორ ქვეყანა ნორმალური თანამშრომლობისა და დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდეს, - განუცხადა მისიუნასმა BNS-ს, - პრეზიდენტად რომ აერჩიათ, ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაბიჯი პირველ რიგში უნგრეთში, შემდეგ კი ბელარუსში ჩასვლა იქნებოდა. ეს მისი [საარჩევნო] პლატფორმის ნაწილი იყო, ამიტომ ის აგრძელებს თავის პროგრამის შესრულებას. ის ცდილობს მის განხორციელებას იმ შესაძლებლობებისა და სტატუსის ფარგლებში, რაც ახლა გააჩნია“.

1tv.ge