რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ ნატო, სამხედრო წვრთნების მეშვეობით, რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზადებაში დაადანაშაულა.

„ნატო-ს სამხედრო აქტივობას ჩვენ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტებისთვის მზადების ნაწილად ვაფასებთ“, - განუცხადა გრუშკომ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ს ნატო-ს წვრთნების, „ბალტოპს 2025“-ის შესახებ, რომელიც ბალტიის ზღვაში გუშინ, 3 ივნისს დაიწყო.

რუსეთის ოფიციალური პირის განცხადებით, ნატო-ს ძალების სტრატეგია და განლაგების სტრუქტურა, წვრთნებში ჩართული ჯარების მომზადების ხარისხი, ისევე როგორც წვრთნების მიზნები, აჩვენებს, რომ ალიანსი „ფარდობით მოწინააღმდეგესთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება.

„ბალტოპსის“ ყოველწლიური წვრთნები, რომლებიც ბალტიის ზღვასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ტარდება, მიმდინარე თვეში ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების მონაწილეობით იმართება. ეს არის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელიც საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს მოიცავს.

წლევანდელი „ბალტოპს 2025“ მიზნად ისახავს ნატო-ს შემაკავებელი შესაძლებლობების გაძლიერებას ალიანსის აღმოსავლეთ ფრთაზე და ის იმ ფონზე ტარდება, როდესაც, უკრაინაში ომისა და აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამო, მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობები ნარჩუნდება.

ნატო-ს წვრთნებს მოსკოვი „პროვოკაციად და სამხედრო ესკალაციის ნიშნად“ მიიჩნევს. რუსეთის მთავრობის რიტორიკა „ცივი ომის“ დროინდელი დაპირისპირების ტონს უბრუნდება და დასავლეთიდან მომდინარე „პირდაპირ საფრთხეს“ უსვამს ხაზის.

თავის მხრივ, ნატო აღნიშნავს, რომ წვრთნები წმინდა თავდაცვით ხასიათს ატარებს და, მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ პირობებში, მოკავშირეებს შორის მზადყოფნისა და თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

1tv.ge