9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართება, რომელზე დასასწრებადაც კრემლმა მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერები მიიწვია.

მიუხედავად ამისა, ცნობილი გახდა, რომ აღლუმ არ დაესწრება ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც მიზეზად ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბოლო დღეებში ურთიერთობების დაძაბვა დაასახელა. აღლუმს არც ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯნატ სინგჰი დაესწრება და მის ნაცვლად მოსკოვში, სავარაუდოდ, თავდაცვის სახელმწიფო მინისტრი სანჯაი სეთი ჩავა.

კითხვის ნიშნის ქვეშაა, ეწვევიან თუ არა რუსეთს სერბეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების ლიდერები, ალექსანდრ ვუჩიჩი და რობერტ ფიცო რომლებსაც აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად, "ჯანმრთელობის პრობლემები" შეექმნათ.

კერძოდ, სერბეთის პრეზიდენტი შეუძლოდ 3 მაისს აშშ-ში ყოფნისას გახდა, რის გამოც მას ვიზიტის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია. მისი კარდიოლოგის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, მან უახლოეს დღეებში "სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები".

რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერმინისტრს, რობერ ფიცოს, მანაც, "ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო", ბოლო რამდენიმე დღის გეგმები გააუქმა. უფრო კონკრეტულად, იგი არ დაესწრო 1 მაისს, შრომის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. თუმცა მის პარტიაში ირწმუნებიან, რომ ფიცო ამ დროისთვის "ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელია". ერთ-ერთი სლოვაკი დეპუტატის განცხადებით, ახლოვდება 15 მაისი, ფიცოზე თავდასხმის 1 წლისთავი, რაც შეიძლება პრემიერისთვის ფსიქოლოგიურად მძიმე გასახსენებელი იყოს.

ამ ეტაპისთვის, ძალაში რჩება სხვა სახელმწიფოების ლიდერების თანხმობა აღლუმზე მიწვევასთან დაკავშირებით. მათ შორისაა: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი, სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი, ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ასევე ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, კუბის, ვიეტნამის , ვენესუელასა და ბრაზილიის ლიდერები.

აღლუმს ასევე დაესწრება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა.

გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კიევს არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების მისცეს იმ ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩავლენ. მისი თქმით, რუსეთს ნებისმიერი ზომის მიღება შეუძლია სტუმრების წინააღმდეგ, ხოლო უკრაინა არ არის პასუხისმგებელი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. ამავე საუბრისას, მან უარყო ვლადიმირ პუტინის ინიციატივა 7-დან 9 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სანაცვლოდ, მას 30-დღიან ზავზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პუტინის წინადადება თეატრალურ დადგმას უფრო ჰგავს, რადგანაც რამდენიმე დღეში რეალური შედეგების მიღება შეუძლებელია. 

ზელენსკის მალევე გამოეხმაურნენ კრემლიდან. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი მას დაემუქრა, რომ თუ 9 მაისს მოსკოვში უკრაინის მხრიდან რამე პროვოკაციას ექნება ადგილი, უკრაინას 10 მაისი არ გაუთენდება. 

წყარო: formulanews.ge