რუსული საწარმოები, თანამშრომლებს მასობრივად აგზავნიან იძულებით შვებულებაში. ჯერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებლები ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ. აპრილში „Ростсельмаш“-მა, ტრაქტორებსა და კომბაინებზე დაბალი მოთხოვნის გამო, სამუშაო კვირა 4 დღემდე შეამცირა. შემდეგ, მანქანებსა და ავტობუსებზე დაბალი მოთხოვნის გამო, ოთხდღიანი სამუშაო კვირა გამოაცხადეს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისა და კომპონენტების მწარმოებლებმა - «Автодизель», "ЯЗДА", "ГАЗ", "КАМАЗ", და "ЛиАЗ"-მა. სექტემბრიდან მათ შეუერთდება ,,АвтоВАЗ“-ი, რომელიც 37 ათას თანამშრომელს, იძულებით შვებულებაში გაუშვებს - წერს "Новые Известия".
1 სექტემბრიდან, ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული ქარხანაც (ЧЭМК), სამუშაო კვირას ამცირებს. ახლა კი ეკონომიკური გიგანტი - რუსეთის რკინიგზა (РЖД) თავის თანამშრომლებს ანაზღაურების გარეშე შვებულებაში აგზავნის. მოსკოვის ცენტრალური ოფისის თანამშრომლები იძულებულნი იქნებიან ყოველთვიურად ორი ან მეტი დღე ანაზღაურების გარეშე შვებულება აიღონ. ფინანსური დანაკარგები მათთვის მნიშვნელოვანი იქნება - მინუს 15-25%.
ტვირთების გადაზიდვის შემცირების გამო, ასეთი მსხვილი სახელმწიფო კომპანიაც კი იძულებულია მკაცრი დანაზოგის რეჟიმზე გადავიდეს. ყველაზე დიდი კლება აჩვენეს: მარცვლეულის ტრანსპორტირებამ -35.6%; ჯართის ტრანსპორტირებამ - 34.6%; სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებამ - 17%; და შავი ლითონების ტრანსპორტირებამ - 16.9%-ით.
წარმოება ჩერდება - პროდუქტები არ ტრანსპორტირდება. ხალხისთვის, ეს, მათი საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს. არსებული გამოთვლებით, მხოლოდ AvtoVAZ-ის თანამშრომლებმა შეიძლება წელიწადში 8.8 მილიარდი რუბლის შემოსავალი დაკარგონ.
ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას: ხალხის შემოსავლის შემცირება გამოიწვევს წარმოების შემდგომ შემცირებას. ვის უნდა მიჰყიდონ ახალი მანქანები, თუ ხალხს მნიშვნელოვნად ნაკლები ფული აქვს და საკვები და განსაკუთრებით კომუნალური მომსახურება კვლავ ძვირდება? - ისმის რიტორიკული კითხვა რუსულ პრესაში.
ხელისუფლება არ განიხილავს არანაირ ზომებს სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისთვის, მაგალითად გადასახადების შემცირებას. მათი პასუხია: თქვენი ქამრები უკვე ბოლო ნახვრეტამდეა შეკრული? ამოისუნთქეთ, მუცელი შეისუნთქეთ და ქამარზე დამატებითი ნახვრეტი გააკეთეთ, რათა ქამარი კიდევ უფრო მჭიდროდ შეიკრათ - სარკაზმით ასკვნის "Новые Известия".