„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში მიიღეს. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველი ფაზა, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარის ექსპლუატაციში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.

2025 წლის სექტემბრის თვიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ულტრათანამერდროვე, მრავალფუნქციური შენობა ნაგებობის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრს და ა.შ.

ბათუმის ხელოვნური კუნძული უნიკალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც 84 ჰექტარზე გაშენებული ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად და ქვეყანასა და რეგიონს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს. პროექტის მშენებლობა დაწყების დღიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის დასტურია ისიც, რომ „ამბასადორ აილენდ ბათუმი” სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს 5 წლიანი წინსწრებით ასრულებს და დღეისათვის სრული 84 ჰა მიწის ნაკვეთიდან 38 ჰექტარი ფაქტობრივად განაშენიანებულია.

პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ არაერთ საერთაშორისო, პრესტიჟულ კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა თურქული არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და გლობალური ბრიტანული კომპანია ARUP, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული.

საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში „ამბასადორ აილენდ ბათუმის” ორი ნახევარკუნძულისა და კუნძულის ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. გარდა ამისა ტერიტორიაზე აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრომები, იახტკლუბი და სხვ.

არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ხელოვნური კუნძული რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტსაც ჩაუყრის საფუძველს, რომელიც ტერიტორიის ფიზიკური გაფართოების კვალდაკვალ, მომავლის ქალაქებზე საზოგადოების წარმოდგენების ჰორიზონტსაც შეცვლის.