ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან მოლაშვილის ინფორმაციით, Temu-მ და ზოგადად, მსგავსმა აპლიკაციებმა ონლაინ კომერციის ბაზარი, არა მარტო, საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში შეცვალა.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ბაზრის დასტაბილურებისთვის გამოსავალი ერთმნიშვნელოვნად კონკურენციაში შესვლაა.
"მომხმარებლისათვის ელექტრონული კომერცია გამარტივდა და იმდენად მიმზიდველი გახდა, რომ მცირე ფასიანი პროდუქტები ჩინეთიდან და სხვადასხვა, ქვეყნიდან ძალიან ხშირად შემოდის. ეს გამოწვევა, ცხადია, საქართველოშიც არსებობს, მანამდე სანამ მსგავსი აპლიკაციები გაჩნდებოდა, მომხმარებლები პროდუქციას Alibaba-დან, Aliexpress-დან იწერდნენ, Temu-მ კი, პრაქტიკულად მთელი ეს სექტორი ჩაანაცვლა.
მომხმარებლები აღნიშნულ პლატფორმაზე ძალიან კარგად ადაპტირდნენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ Temu-მ ჩინურ მწარმოებელ ქარხნებთან საკმაოდ კარგი კომუნიკაცია დაიჭირა და დღეს უკვე, ჩინური ქარხნები Temu-სთან პირდაპირ თანამშრომლობენ. შესაბამისად, ქარხნებიდან აღნიშნული პლატფორმისთვის პროდუქციის მიწოდება ძალიან დაბალ ფასში ხდება", - აცხადებს ლევან მოლაშვილი.
ლევან მელაშვილი ზოგადად კომპანია Temu-ს შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულმა აპლიკაციამ პროდუქციის ფასნამატი ამოაგდო და მომხმარებელს ისეთი სისტემა შესთავაზა, რომლის ანალოგი მსოფლიოში ძალიან ცოტაა.
"ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები საყოფაცხოვრებო ნივთებია. არსებობს კონკურენცია და ამ კონკურენციაში საუკეთესო იმარჯვებს. მაგალითად, გარკვეული გადასახადების დაწესება, პირველ რიგში, მომხმარებელზე მოქმედებს. პირდაპირ ვთქვათ, ამ გადასახადებს ვინ გადაიხდის?! ცხადია, მომხმარებელი და პროდუქცია ყველას გაუძვირდება. გამოსავალი ერთმნიშვნელოვნად კონკურენციაში შესვლაა, მაგალითად, რაც არ აქვს Temu-ს - მაღალი ხარისხია. აღნიშნულ პლატფორმას ხარისხთან მიმართებით, საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს, შესაბამისად, კონკურენციაში შესვლა ამ მიმართულებით უნდა მოხდეს", - აღნიშნავს ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ელექტრონული კომერციის სექტორი 2 წელია არ გაზრდილა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Temu ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს დაბალ ფასებში სთავაზობს. კერძოდ, აპლიკაცია და ვებსაიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა, კატეგორიის პროდუქცია შეიძინონ. მათ შორისაა: ტანსაცმელი, ტექნიკა, აქსესუარები, სათამაშოები და სხვა. ამასთან, 2025 წლის აპრილისთვის პლატფორმამ თავისი ოპერაციები 90-ზე მეტ ბაზარზე გააფართოვა.