ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ საქართველოს მიერ საარბიტრაჟო დავებში წაგებული თანხის გადახდის გრაფიკი შეთანხმებული არაა. მან ამის შესახებ BMG-ის, Inter Rao-სთან წაგებული $94 მილიონის გადახდის ვადებზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"ამაზე საჭირო იქნება გარკვეული მოლაპარაკება, გრაფიკის შეთანხმება. ჯერჯერობით გრაფიკი შემდგარი არ არის. ამიტომ, როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება შესაბამის კომპანიასთან და გვეცოდინება როდის რამდენი უნდა იყოს დაფარული, ამის შემდეგ მოხდება ბიუჯეტში მათი ასახვა. ჯერ 2026 წლის ბიუჯეტი არ გვაქვს. წლევანდელ ბიუჯეტში რამდენიმე თვის წინ თუ არ იყო, შესაბამისად ვერც ახლა ვერ იქნება გათვალისწინებული.
ზოგადად, ფისკალური რისკი ეს აღარ არის, ეს არის უკვე დამდგარი მატერიალური შედეგი და არის უკვე საუბარი მოლაპარაკებებზე, რამდენ წელზე, როდის მოხდება ამ თანხების ანაზღაურება", - ამბობს გიორგი კაკაურიძე.
2025 წლის 21 აგვისტოს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრმა (ICSID) საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა Inter Rao-ს საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც საქართველოს კომპანიის მიმართ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპელაციის გზით ამ განაჩენის ანულირებას მიაღწევდა, თუმცა როგორც ირკვევა არბიტრაჟმა მთავრობის პოზიცია კიდევ ერთხელ არ გაიზიარა და ძალაში დატოვა პირვანდელი განაჩენი. მეტიც, თუკი 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა, ამჟამად მისი ღირებულება გაზრდილია და უკვე 94 მილიონ დოლარსაც აღემატება, რადგანაც თავდაპირველად მიღებულ განაჩენში ეწერა რომ იქამდე, სანამ საქართველო განაჩენის აღსრულებას არ მოახდენდა, დავით დაკისრებულ კომპენსაციას ანუ 76 მილიონ დოლარს ზემოდან პროცენტის სახით SOFR+2% დაერიცხებოდა. რაც 2022; 2023; 2024 და 2025 წლების ჯამით დამატებით 18 მილიონ დოლარს აღწევს.
გიორგი კაკაურიძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას Enka-სთან დაკავშირებულ საკითხზე, თუ მოხდა საქართველოს მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრება. კაკაურიძის განცხადებით, ამ ნაწილში, ვადებთან ერთად თანხაც დასაზუსტებელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მსხვილი საარბიტრაჟო დავა საქართველომ გასულ წლის ბოლოს წააგო. კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო, რაც საქართველომ გაასაჩივრა და ამჟამად საქმე აპელაციის ეტაპზეა. როგორც „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო $3.3 მილიარდის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული.