გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მთავრობა დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გაზრდას განიხილავს ბიუჯეტის დეფიციტის გაკონტროლების და რეზერვების შენარჩუნების მიზნით მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ გადასახადების ზრდა არ მოხდებოდა.

Reuters-ის ცნობით, საბიუჯეტო კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა 29 სექტემბერსაა მოსალოდნელი. გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ძირითადი ნაწილები მანამდე პუტინთან იქნება შეთანხმებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორმალური საპარლამენტო დებატების განმავლობაში მათი შეცვლა მოხდეს.

რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულმა ოთხმა წყარომ დაადასტურა საზღვარგარეთ მოქმედი რუსული მედია The Bell-ის ცნობა, რომ მთავრობა დღგ-ს 20%-დან 22%-მდე გაზრდას განიხილავს დეფიციტთან გამკლავების მიზნით.

The Bell-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ ყოფილა დაკონკრეტებული, თუ როდისთვის არის მოსალოდნელი ამ ნაბიჯის გადადგმა. ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ გადასახადების გაზრდა 2026 წლის ბიუჯეტისთვის განიხილება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ძალაში დარჩება საბიუჯეტო წესი, რომელიც ნავთობიდან მიღებული ზედმეტი შემოსავლების შენახვას გულისხმობს.

"როგორ შეიძლება დეფიციტის შემცირება საბიუჯეტო წესის დაცვის პარალელურად? მხოლოდ გადასახადების გაზრდით, რადგან თითქმის აღარაფერი დარჩა შესამცირებელი, არც სამხედრო ხარჯები და არც სოციალური ხარჯები," ამბობს ერთ-ერთი წყარო.

მიმდინარე წელს რუსეთმა საშემოსავლო და კორპორაციული გადასახადები გაზარდა, მაგრამ მაისში რუსეთის მთავრობას მაინც მოუწია ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით პროგნოზის გასამმაგება - რაც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით 1.7% გახდა. თუმცა, სამთავრობო მედიიდან წყარო ამბობს, რომ ბიუჯეტის რეალური დეფიციტი განახლებულ პროგნოზსაც გადააჭარბებს.

Reuters-ის გამოთვლებით, 2024 წელს ფედერალურ ბიუჯეტში შემოსავლების 37% დღგ-ზე მოდიოდა და მისმა შესაძლო გაზრდამ 2026 წლისთვის პროგნოზირებული ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა, გაანახევროს, თუმცა, გამოცემა წერს, რომ რეალური მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც გადააჭარბებს პროგნოზირებულ დეფიციტს.