საქართველოში კვერცხის იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში 18 488 000 ერთეული ფრინველის საკვები კვერცხი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 11 453 000 ათასი.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს კვერცხის იმპორტი მხოლოდ 2 ქვეყნიდან, ბელარუსიდან და თურქმენეთიდან განხორციელდა. კერძოდ, ბელარუსიდან 17 536 000 ცალი, ხოლო თურქმენეთიდან - 953 000 ცალი შემოვიდა.

მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ კვერცხის იმპორტი ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში კვერცხის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი საკმარისზე მაღალია, პროდუქტის იმპორტი სასაცილოც კი აღარ არის.

„კვერცხის კუთხით, საქართველო თვითუზრუნველყოფადი ქვეყანაა, ვაწარმოებთ საკმარისზე მეტს. ამის ფონზე, სრულიად გაურკვეველი მიზეზებით შემოდის კვერცხი იმპორტით. წარმოიდგინეთ, წელს თურქმენეთიდანაც, უდაბნოდან დაიწყო კვერცხის შემოტანა. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. თურქმენეთი კი იცით რა ქვეყანაც არის, ენერგომატარებელ უფასოა, როგორც წესი, კომუნალური გადასახადები არ არის. იმის გამო, რომ სხვა ქვეყანაში წარმოება ძალიან იაფი ჯდება, აქ ქართული წარმება არ უნდა დაზარალდეს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სიცხეში მალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირება, მაშინ როცა ქვეყანას არ სჭირდება და საკმარისი იწარმოება, ამას გამოწვევას ვერ დავარქმევ, სრულად გაუგებარი ამბავია. თუმცა, ესეც უყურადღებოდ არის მიშვებული, მაინც შემოდის. ჩვენც რაღა დაგვრჩენია, გვიწევს შევეგუოთ“,- ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

აღსანიშნავია, ისიც, რომ წლებია მეფრინველეობის დარგი დღგ-ს გაუქმებას ითხოვს თუმცა, როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი განმარტავს, საკითხი აღარც განიხილება.

„დღგ-ზე საუბარი აღარც არის, იმიტომ რომ მოკლედ და კონკრეტულად გვითხრეს, არ მოიხსნებაო. ერთი და იმავეს ხომ არ ვილაპარაკებთ წლების გამავლობაში?! მეტიც, ფინანსთა სამინისტრომ ჩაატარა კვლევა და დაიდო დასკვნა, რომ ის დარგებიც კი რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დღგ-სგან, არაეფექტურია და შეიძლება დაიბეგროს. ამიტომ, ამ თემას აღარც ვუბრუნდებით“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

bpn.ge