აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2024 წელი მორიგი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.155 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12.161 მლრდ ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 63.994 მლრდ ლარს, 2022 წელს - 52.647 მლრდ ლარს, 2021 წელს - 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 32.3% იყო. ცნობისათვის, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 31.2% იყო, 2022 წელს - 29%-ს, 2021 წელს - 32%-ს, 2020 წელს კი 28%-ს.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.

ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 13 195 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი 3 392 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 74.4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ცნობისათვის, 2018 წლიდან აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით. 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 228.5 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 33.3% შეადგენს.

Bpn.ge