მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასმა კლება დაიწყო. ერთი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასმა დაახლოებით 100 დოლარით დაიწია. რამ განაპირობა ფასის მზარდი ტენდენციის საპირისპირო პროცესების განვითარება? კითხვით ,,კომერსანტმა’’ კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელ დირექტორს მიმართა. თორნიკე სამხარაძე ორ ფაქტორზე საუბრობს. მისი განმარტებით, მსოფლიოში გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულებისკენ წავიდოდა. მოლოდინი მოლაპარაკებების შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა განაპირობა. მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის პერიოდში კი ინვესტორები თანხებს სხვა მიმართულებით დებენ და ისეთ პროექტებს ავითარებენ, რომლებიც უფრო მზარდი და დინამიკურია. მეორე ფაქტორი ტარიფების ომს უკავშირდება. ჩინეთისა და აშშ-ის შეთანხმებამ და ევროკავშირისა და ამერიკის მიერ მორატორიუმის გამოცხადებამ მსოფლიოში სტაბილურობის განცდა გააჩინა, რაც შესაბამისად ოქროს ფასზე აისახა და მისი კლება გამოიწვია.
,,კლება გამოწვეულია იმით, რომ ნაბიჯები გადაიდგა სტაბილიზაციისკენ და წამოიწია სამშვიდობო რიტორიკამ. იმედები გაჩნდა მსოფლიოს ძველ, ჩვეულ და მშვიდობიან რიტმში დაბრუნების. ამან თავისი გავლენა მოახდინა. თუმცა, გავლენა არ არის ძალიან დიდი. შესაბამისად, ინვესტორების დიდი ნაწილი შეინარჩუნებს სიფრთხილეს და მაინც თვალყურს ადევნებენ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მსოფლიოში მშვიდობისკენ და სტაბილურობისკენ წავა საქმე, ეს ყველაფერი ოქროს ფასზე პირველ რიგში აისახება. როგორც კი მსოფლიოში არასტაბილური ხდება ვითარება, პირველ რიგში ოქროს ფასი იწვეს მაღლა. სტაბილურობის შემთხვევაში ოქროს ფასი დაიწევს, რადგან ინვესტორებისთვის სხვა უფრო საინტერესო ინვესტიციები გამოჩნდება. მშვიდობის დროს ურჩევნიათ ოქრო გაყიდონ მაღალ ნიშნულზე და ის თანხები სხვა უფრო მზარდ და დინამიკურ ინვესტიციებში ჩადონ. თუმცა, ოქრო არის ყველაზე სანდო და ყველაზე უცვლელი ინვესტიცია. როდესაც სანდოობას ემუქრება საფრთხე ინვესტორი პირდაპირ შედის ოქროში. შესაბამისად იზრდება მოთხოვნა და იზრდება ფასი. დამატებითი ფაქტორია სატარიფო ომები. კარგია, რომ სატარიფო ომები ნელ-ნელა მიწყნარდა. ჩინეთი და ამერიკა შეთანხმდნენ და დასწიეს ტარიფები. ევროპამ და ამერიკამაც მორატორიუმი გამოაცხადეს და ტარიფებზე ვნებათაღელვა შეწყდა. ამანაც რაღაც პატარა სტაბილურობის განცდა გააჩინა და შესაბამისად ესეც ერთ-ერთი ფაქტორია ფასის კლების.’’- განმარტავს თორნიკე სამხარაძე.
კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ფასის კლების ტენდენცია არ შენარჩუნდება და ოქროს ფასი ისევ გაიზრდება. ამის თქმის საფუძველს მას მსოფლიოში არსებული არასტაბილური ვითარება აძლევს. თორნიკე სამხარაძის შეფასებით, უნცია ძვირფას ლითონზე 100 დოლარამდე ფასის შემცირება ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ეს არ არის იმ მასშტაბის ცვლილება, რომ ეკონომიკური შედეგები გამოიწვიოს.
,,ბოლო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გრანდიოზულ კლებად ვერ შევაფასებ, მაგრამ ამას ექნება ეფექტი ბაზარზე თუ დაკლებული ნიშნული დიდხანს გაჩერდება. ჯერჯერობით არ გვაქვს იმისი არანაირი გარანტია, რომ ეს ფასი ისევ არ გავარდება, რადგან მსოფლიოში ნარჩუნდება არასტაბილური მდგომარეობა. ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს კლება არის მუდმივი, ან კიდევ შეიძლება ველოდეთ კლებას. მე პირიქით, ფასის ზრდას ისევ ველოდები. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის გარშემო არ არის სიტუაცია გარკვეული. არის მოლოდინი, რომ ომი შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. გაიაფება არ არის ისეთი გრანდიოზული, რომ დიდი გავლენა პოვოს ბაზარზე. მოთხოვნა ისეთივე დარჩება, როგორიც იყო, რადგან არ არის სასწაული ვარდნა, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი ფასთა კლება გამოიწვიოს.’’- აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
უცხოელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დოლარის გამყარებამ და პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ომის დეესკალაციამ ოქროზე მოთხოვნა შეამცირა. 12 მაისს აშშ-მა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ერთმანეთისთვის ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც ფინანსურ ბაზრებზე განწყობა გააუმჯობესა.