„ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად ჰესების მშენებლობა აუცილებელია“ - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მაკალათიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. ეკონომისტის თქმით, დღესდღეობით საქართველო ისეთ პირობებშია, რომ ენერგია იმპორტით რუსეთიდან შემოაქვს, რაც არ არის სტაბილური და მეორეს მხრივ, საფრთხის შემცველია.

„ზოგადად ენერგოდამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. განსაკუთრებით იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენი ქვეყანაა. უფრო კონკრეტულად, წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ, რომ ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება რუსეთიდან და რუსეთზე დამოკიდებული ვხდებით ამ მხრივ. როდესაც ესეთი ქვეყანა გყავს მომწოდებლად, რომელიც გამოირჩევა არასტაბილურობით, ბუნებრივია, რომ  მასზე დამოკიდებულების შემცირება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომაც, საჭიროა, რომ ჩვენი რესურსები მაქსიმალურად ავითვისოთ და გამოვიყენოთ იმისათვის, რათა გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები. გარდა ამისა, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვისაც, რადგან გრძელვადიან პერიოდში ენერგიაზე გვექნება სტაბილური ფასი და ბიზნესისთვისაც შეიქმნება სტაბილური გარემო“. - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს წყლის დიდი რესურსი გააჩნია, სადაც შესაძლებელია ჰესების მშენებლობა. მისივე თქმით, ამ პროცესის პარალელურად სხვა განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებაც უნდა მოხდეს, მათ შორის, მზისა და ქარის ენერგიის.

„ცხადია ჰესებს დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც გვაქვს უამრავი ბუნებრივი რესურსი, ვგულისხმობ წყლის რესურსს, ამ  პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება არის საჭირო. ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა რომ ჰესების მშენებლობის განვითარებით მივაღწიოთ ენერგოდამოუკიდებლობას. ცხადია, რომ სხვა განახლებადი ენერგიის განვითარებაც მნიშვნელოვანია, თუმცა იგივე მზის პანელებისა თუ ქარის ელექტროსადგურების განვითარება ვერ იქნება მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. სხვა განახლებადი ენერგიები უნდა ვითარდებოდეს ჰესებთან ერთად, მაგრამ ეს უკანასკნელი კვლავ მთავარი მოთამაშეა ენერგოწარმოების განვითარებაში“. - აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ირაკლი მაკალათიას თქმით, ჰესებს კერძო ინვესტორები უნდა აშენებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე. როგორც ეკონომისტი აცხადებს, საჭიროა, ქვეყანაში არსებული რესურსები კერძო საკუთრებაში იყოს, რაც შემდგომში ინვესტორს შესაძლებლობას მისცემს თავად მესაკუთრეს შეუთანხმდეს და არა მთავრობას. ეს პროცესი კი სოციალურ კონფლიქტს აგვარიდებს თავიდან.

„ჰესები უნდა ააშენოს კერძო ინვესტორმა, ოღონდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და მათი თანხმობით, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება. ჩვენ გვაქვს შემდეგნაირი სიტუაცია, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა, კერძოდ მოლაპარაკებებს ახორციელებს ინვესტორებთან, მას შემოჰყავს ინვესტორი და შემდეგ რა შედეგებსაც ვიღებთ ნათელია წარსული გამოცდილებების ფონზე, როცა მოსახლეობასა და ინვესტორს ან თუნდაც მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა ვერ ხდებოდა ეფექტურად. ამიტომაც გაჩერდა რამდენიმე მსხვილი პროექტი საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. შესაბამისად, თუკი გვინდა ეფექტიანი შედეგი, მაშინ ერთის მხრივ მოსახლეობის, ხოლო მეორეს მხრივ ინვესტორის ინტერესები უნდა იყოს დაცული. აქ უკვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო საკუთრებას. ის ბუნებრივი რესურსები რაც გააჩნია საქართველოს, უნდა იყოს კერძო საკუთრებაში და შემდგომ ინვესტორი პროექტის განხორციელების სურვილის შემთხვევაში ამ კერძო საკუთრების მფლობელებთან უნდა აწარმოებდეს მოლაპარაკებას და იქ უნდა ხდებოდეს ინტერესების შეთანხმება. ეს პროცესი თავიდან აგვარიდებს იმ სოციალურ კონფლიქტს, რაც, როგორც აღვნიშნე, წლების განმავლობაში სამწუხაროდ ჩვენთან ხდება“. - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ასევე ისაუბრა მოსახლეობის აღქმებთან დაკავშირებით, კერძოდ ჰესების მშენებლობით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც გარემოს ადგება. თუმცა ირაკლი მაკალათია აღნიშნავს, რომ მთავარია განხორციელებული პროექტი უფრო მეტი სიკეთის მომტანი იყოს, ვიდრე ეს მისგან გამოწვეული ზიანია.

ჰესების მშენელობა ეკოლოგიაზე გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, თუმცა აქ ალტერნატიული დანახარჯი უნდა გავითვალისწინოთ. თუკი ჩვენ ეკრანებიდან ვსაუბრობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ჰესები აქამდე არ აშენდებოდა, მაშინ ჩვენ ეკრანებიდან ვერც კი ვილაპარაკებდით, რადგან შესაბამისი ელექტროენერგია არ გვექნებოდა. ჩვენ ვიქნებოდით ჩამორჩენილი ქვეყანა იმ მიზნითა და მოტივით, რომ ბუნება ხელუხლებელი დაგვეტოვებინა. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი რესურსის ეფექტიანად გამოყენება მოხდეს, უფრო კონკრეტულად, განხორციელებული პროექტის სიკეთე და ამონაგები უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე მისი ნეგატიური ზეგავლენაა. ასე მაგალითად, მაგისტრალების მშენებლობაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბუნებაზე, მაგრამ მისი განხორციელება ხომ უფრო მეტი დადებითი ეფექტის მომტანია ჩვენთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.

გარდა ამისა, მინიმალური ზიანის მიყენებაც შესაძლებელია, თუკი ქვეყანაში გამოცდილი და მსხვილი ინვესტორები შემოვლენ, რომლებმაც ეს საქმე კარგად იციან, ვგულისხმობ მინიმალური დანაკარგებით მაქსიმალური შედეგის მიღწევას. ამ შემთხვევაში  ჩვენ მინიმალური დანახარჯით მივიღებთ მაქსიმალურ ეკონომიკურ კეთილდღეობას“. - აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მაკალათია.