სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტია. ახალი წინასწარი მონაცემები საქსტატმა 30 აპრილს გამოაქვეყნა.
ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე წერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და მიუთითებს, რომ 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი, თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 9.3%-ით განისაზღვრა.
აისახა თუ არა ზრდა, რომელზეც მთავრობა აპელირებს, მოსახლეობაზე?
ეკონომისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მკვლევარი ბესო ნამჩავაძე ამ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ „ზრდა მცირე ჯგუფის ხელშია“, რადგან გასული წლის მშპ-ს კლების შემდეგ მაჩვენებლები გაიზარდა ისეთ სფეროებში, რომლებიც მოსახლეობის დიდ ნაწილზე ძირითადად ვერ აისახება.
„ბევრი სხვადასხვა მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ზრდა არის, თუმცა არ არის ისეთ სექტორებში, რომელსაც მასიურად გრძნობს მოსახლეობა.
ტურიზმში დაბალი ზრდაა, 2-პროცენტიანი.
ექსპორტშია ზრდა, ევროკავშირის ბაზარზეა გაზრდილი ექსპორტი და ესეც შეიტანდა თავის როლს.
არის ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში ზრდა, რაც ლითონის მადნებს ეხება, ლითონების მოპოვება და გაყიდვაა გაზრდილი.
კარგი ზრდა არის საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ეს არის IT მომსახურება, რომელშიც საქართველო ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს.
განათლებაში უცხოელი სტუდენტების გამო გვაქვს ზრდა.
ბუნებრივი ლითონების გატანაში რომ ზრდაა, ამით სარგებლობს ის, ვისაც გააქვს. მოსახლეობა უფრო იგრძნობდა, რომ იყოს ზრდა სოფლის მეურნეობაში, მსუბუქ მრეწველობაში ან ვაჭრობაში. ეს არის ის დარგები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მასიურადაა ჩართული და დასაქმებული.
მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეს არის უცხოური ბიზნესი და ძირითადად უცხოელები ჰყავთ დასაქმებული, რუსები, უკრაინელები, ბელარუსები და ნაწილი – ქართველები. თავის მომსახურებას ჰყიდიან საზღვარგარეთ.
ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ზრდას. მცირე ჯგუფის ხელშია ეს ზრდა, მათ შორის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესია.
უმეტესი ნაწილი მსხვილი ბიზნესის დღემდე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ხელისუფლებასთან. ისინი სარგებლობენ ამ ეკონომიკური ზრდით“ – განმარტავს ბესო ნამჩავაძე.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიც არის ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
წყარო: "ბათუმელები"