2025 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.1 პროცენტიანი მატება.
„საქსტატის“ ცნობით, 2025 წლის მარტთან შედარებით ფასები 2.5 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.16 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 0.4 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.32 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 1.5 პროცენტიანი ზრდა კვების პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 0.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 0.8 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე, რამაც -0.02 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
„12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 15.0 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.93 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 20.0 პროცენტიანი მატება ლითონის მადნებზე;
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.11 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტებზე (6.4 პროცენტი) და სასმელებზე (4.7 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.05 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.