„ისეთი სუფთა, როგორიც ბოლო წლებშია, ქართული თაფლი არასდროს ყოფილა. მინიმალურზე მინიმალურია დანაგვიანება როგორც ანტიბიოტიკების, ისე სხვა კუთხით. ამით ხაზს იმას ვუსვამ, თუ როგორია ჩვენი თაფლის ხარისხი და რამდენად სერიოზულ საექსპორტო ქვეყნად შეგვიძლია ჩამოყალიბება“, - ამის შესახებ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალეკო პაპავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად საქართველო 2-3 ათას ტონამდე თაფლს აწარმოებს, თუმცა არსებობს პოტენციალი, ამაზე 4-5-ჯერ მეტი რაოდენობა მიიღოს, რაც მას საექსპორტო ქვეყნად აქცევს.

„მეფუტკრეობის განვითარების მხრივ, საქართველოს სერიოზული პოტენციალი აქვს, თუმცა ამჟამად ამ შესაძლებლობების მხოლოდ 30%-ს თუ ვიყენებთ, ეგეც საკითხავია... თუ დღეს 2-3 ათას ტონა თაფლს ვაწარმოებთ და ამინდზე დიდი დოზით ვართ დამოკიდებული, ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია, მინიმუმ 10 ათასი ტონა თაფლი მაინც მივიღოთ.

ჩვენი ამჟამინდელი წარმოება შიდა ბაზარს, რომელიც დაახლოებით 2 ათას ტონა თაფლს საჭიროებს, პრაქტიკულად სრულად აკმაყოფილებს. თუმცა, ისევ და ისევ, ვიტყვი, რომ პოტენციალის სრულად ათვისების შემთხვევაში, დანარჩენი თაფლის ექსპორტზე გატანა შეგვიძლია.

მით უმეტეს, მოთხოვნა არსებობს - წელს დაინტერესება იყო ნორვეგიიდან და აზიის რამდენიმე ქვეყნიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთს გამოვყოფდი. თანაც, ჩვენი დაკვირვებით, ისეთი სუფთა, როგორიც ბოლო წლებშია, ქართული თაფლი არასდროს ყოფილა. მინიმალურზე მინიმალურია დანაგვიანება როგორც ანტიბიოტიკების, ისე სხვა კუთხით. ამით ხაზს იმას ვუსვამ, თუ როგორია ჩვენი თაფლის ხარისხი და რამდენად სერიოზულ საექსპორტო ქვეყნად შეგვიძლია ჩამოყალიბება.

ცალკე საკითხია თურქეთის ბაზარი, რომელთანაც სახელმწიფოთა შორის ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს და ჩვენს თაფლზე მოთხოვნაც არის, მაგრამ უკვე წლებია, იქ ჩვენგან ლეგალურად ერთი გრამი თაფლიც არ შესულა. ამ მხრივ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობა და უფრო აქტიურად მუშაობა აუცილებლად მიგვაჩნია.

ასე რომ, კარგი იქნება, ზოგადად, მეფუტკრეობის დარგი განვითარდეს და საექსპორტო პირობები შეიქმნას. მეფუტკრეობის განვითარება თავისთავად სოფლის მეურნეობის განვითარებასაც მოითხოვს, რადგან ის მიბმულია როგორც მემინდვრეობაზე, ასევე ხილისა და საკვები პროდუქტების წარმოებაზე“, - აღნიშნა პაპავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.