Galt & Taggart-ში ელიან, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პროგნოზია, რომ საშუალოწლიური ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებში იქნება, რის ფონზეც რეფინანსირების განაკვეთის შეცვლა მოსალოდნელი არაა, თუმცა უკვე მომდევნო წლის მეორე ნახევარში განაკვეთი შესაძლოა 0.25-0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდეს.

"ფასების დონე ავლენს ზრდის ტემპს თვიდან თვემდე. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა სამომხმარებლო ფასების ინდექსი და წლიურ ჭრილში მივიღეთ 4.6%-იანი ინფლაცია. ეს ინფლაცია ძირითადად განპირობებულია სურსათი და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ფასების 10%-იანი ზრდით, შემდეგ მოსდევს მჯანდაცვა, განათლების ჯგუფი, უალკოჰოლო სასმელები, თამბაქო, აი ეს კატეგორიები არის, რომელიც იწვევენ ინფლაციას. ასევე არის კატეგორიები, რომლებიც წლიურ ჭრილში კლების ტენდენციებს ავლენენ, ესაა ტრანსპორტის კატეგორია - იმის მიუხედავად, რომ ბოლო თვეებში, თვიდან თვემდე მზარდი ტენდენცია გვაქვს, წლიურად მაინც შემცირებულია, ასეთია ასევე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და სახლის მოვლა. ჩვენი პროგნოზია, რომ საშუალოწლიური ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებში იქნება მიმდინარე წელს, სამიზნე მაჩვენებელს ოდნავ ზემოთ. ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც ეროვნული ბანკი სავარაუდოდ თავს შეიკავებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან. ხვალ არის სხდომა და ჩვენი მოლოდინია, რომ დატოვებს უცვლელად. შემცირების მოლოდინები ნაკლებია, წლის ბოლომდე შეინარჩუნდება 8%-ის დონეზე, თუმცა ჩვენი პროგნოზებით ვლინდება, რომ მომავალ წელს, 2026 წელს ინფლაცია შესაძლოა მიზნობრივ დონეზე დაბალი დაფიქსირდეს და აი ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25, 0.5 პროცენტული პუნქტით იყოს შემცირებული, უფრო წლის მეორე ნახევარში",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ხვალ, 10 სექტემბერს გაიმართება.

bm.ge