იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებულმა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებმა ფინანსური დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„„გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. განაცხადის წარდგენა, ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის document@rda.gov.ge საშუალებით.
პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები; ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგრორედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.
პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტო თანადაფინანსებას გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სრულად აღადგენს დაზიანებულ ობიექტს.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“– ნათქვამია ინფორმაციაში.