ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზეა 190 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
22 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალსაც მოიცავს.
ქვეყანაში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლება და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ერთ მოსახლეზე შემოსავლის შედარებაა, ამ დროს ყველაზე მართებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მშპ-ის გამოყენებაა. PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნის შემოსავალს მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით განიხილავს. ვინაიდან, ზოგადად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ფასები უფრო დაბალია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, ღარიბი ქვეყნების შემოსავლის მსყიდველობითი უნარი ყოველთვის მეტია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მაგალითად, საქართველოში 1,000 დოლარის ყოველთვიური შემოსავლით გაცილებით უკეთ იცხოვრებ, ვიდრე აშშ-ში. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, საქართველოში დახარჯულ 1 აშშ დოლარს 3-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს, ვიდრე აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარს.
საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით 2024 წელს საქართველო 73-ე ადგილზე იყო 191 ქვეყანას შორის. რეიტინგში 2024 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 28,258 PPP დოლარი იყო.
2023 წელსაც საქართველო რეიტინგში 77-ე ადგილზე იყო 24,932 PPP დოლარით. 2022 წელს კი მე-80 ადგილზე იყო 22,607 დოლარით.
PPP დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის რიცხვის ცვლილებაზე, ინფლაციაზე საქართველოში, ინფლაციაზე აშშ-ში და ლარის დოლარის მიმართ გაცვლის კურსზე. საქართველოში მოსახლეობა მცირდება, რაც ერთ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას აჩქარებს. ასევე, როცა ლარი დოლარის მიმართ უფასურდება, თუ მას თან არ ახლავს შესაბამისი დონის ინფლაცია, ერთ მოსახლეზე შემოსავალი PPP დოლარში იზრდება. 2025 წლისთვის სავალუტო ფონდში საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალს 30,750 PPP დოლარის დონეზე პროგნოზირებს.
ვრცლად: forbes.ge