2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები დაუწესა და რუსულ ენერგორესურსებზე უარი თქვა. შედეგად, ევროპა ენერგოკრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ბრიუსელში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა.
სულ ახლახან, გერმანიის ახალმა მთავრობამ ფრიდრიხ მერცის მეთაურობით ბირთვულ ენერგიაზე მორატორიუმი მოხსნა და მხარი დაუჭირა საფრანგეთის ინიციატივას, ბირთვული ენერგია ევროკავშირის ენერგეტიკის ერთ-ერთ საფუძვლად იქცეს.
გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. მაგალითად, 2024 წელს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის თითქმის ნახევარი აშშ-ზე მოდიოდა. ევროკავშირს იმპორტიორთა სიის გასაზრდელად კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.
ამ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ბრიუსელიდან პეტია ბერზილსკა „ენერგეტიკული უსაფრთხოების ევროპული ინიციატივის პოლიტიკის” ხელმძღვანელი ჩაერთო.
ევრონიუს ჯორჯია: კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვაფასებთ თქვენს დროსა და თანამშრომლობას. გადავიდეთ შეკითხვებზე და ვისაუბროთ არსებულ მდგომარეობაზე. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ როგორ შეაფასებდით ევროკავშირის მცდელობას, შეწყვიტოს რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება? მიაღწია თუ არა ევროკავშირმა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას?
პეტია ბერზილსკა, „ენერგეტიკული უსაფრთხოების ევროპული ინიციატივის პოლიტიკის” ხელმძღვანელი: დიდი მადლობა შეკითხვისთვის. კონტინენტური ევროპა წიაღისეული საწვავით დიდწილად ღარიბია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იმპორტზე ძალიან ვართ დამოკიდებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორი მიმართულებით მივდივართ. „ევროსტატის” ბოლო მონაცემებით, შარშან ევროკავშირმა 2023 წელთან შედარებით, 7%-ით ნაკლები ენერგოპროდუქტები შემოიტანა. თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 15%-ით შემცირდა. ევროკავშირმა ამაში რეალურად ნაკლები გადაიხადა, დაახლოებით 380 მილიარდი ევრო, 2023 წლის მაჩვენებელზე ნაკლები, რაც კარგია.
მართლაც, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირში ენერგოპროდუქტების იმპორტის კლების ტენდენცია შეინიშნება როგორც მოცულობის, ისე თანხის თვალსაზრისით. გამონაკლისია თხევადი ბუნებრივი აირი, რომლის იმპორტის ზრდაც გასული წლის ბოლოდან შეინიშნება. რუსეთი კვლავ არის იმპორტიორთა სიაში. თხევადი ბუნებრივი აირისა და ბუნებრივი აირის 17% 2024 წელს კვლავ რუსეთიდან შემოვიდა.
რეალურად ევროკავშირმა გასულ წელს იმაზე მეტი რუსული თხევადი ბუნებრივი აირი შემოიტანა, ვიდრე 2023 წელს. ვფიქრობთ, რომ უნდა დავინახოთ გრძელვადიანი რისკები, რომლებიც ასეთ ენერგოდამოკიდებულებას შეუძლია მოგვიტანოს. წიაღისეული საწვავი იყო და შეიძლება იყოს ევროკავშირის წინააღმდეგ გამოყენებული, როგორც იარაღი. ისინი ექვემდებარება ფასების ცვალებადობასა და მანიპულირებას. ევროპისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მდგრადი მიდგომა ვერ იქნება.
თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად ვიტყვი, რომ ევროპა ჯერ არაა ენერგოდამოუკიდებელი და ალბათ, არც არასდროს იქნება. გარკვეულწილად, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე, აგრეთვე, სხვადასხვა მასალაზე, რომლებიც გვჭირდება ქვეყნის შიგნით მეტი ენერგიის გამომუშავებისთვის, როგორებიცაა ქარისა და მზის ენერგია, ენერგოქსელების ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა თუ გვსურს გარედან გამოწვეული ენერგეტიკული შოკების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაშინ წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. გამოსავალი შიდა ენერგიის გამომუშავება და ტრანსპორტირებაა. განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული ელექტრიფიკაცია. ბირთვული ენერგიაც ერთ-ერთი ვარიანტია.
ევრონიუს ჯორჯია: როგორ ჯდება ევროკავშირის გეგმებში ბირთვული ენერგია, იმის გათვალისწინებით, რომ ის ხშირად კამათის საგანია?
პეტია ბერზილსკა, „ენერგეტიკული უსაფრთხოების ევროპული ინიციატივის პოლიტიკის” ხელმძღვანელი: ეს კარგი შეკითხვაა. როგორც აღვნიშნე, ენერგიის მიმართ ღია მიდგომა გვჭირდება. ბირთვული ენერგია შესაძლოა ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. ჩვენი მზარდი საჭიროებებისა და იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც როგორც ვახსენე, იმპორტზე დამოკიდებულებას მოაქვს, უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს. ევროპას დასჭირდება ყველა ენერგეტიკული წყარო და ტექნოლოგია, რომელიც მოგვიტანს სარგებელს ეკონომიკური და უსაფრთხოების ჭრილში. ჩვენ განახლებად ენერგიაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ საბაზისო დონეზე ბირთვულ ენერგიაზეც.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არ შეგვიძლია მხოლოდ განახლებად ენერგიას დავეყრდნოთ. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოებისა და კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის კვლევები მომავალში ბირთვულ ენერგიასაც მოიცავს. უნდა ითქვას, რომ ატომური ენერგია ჯადოსნური ჯოხის ფუნქციას ვერ შეასრულებს, ზოგადად, ენერგეტიკაში ასეთი რამ არ არსებობს. ზოგადად კარგი იქნება, თუ ისინი, ვისაც არ სურს ევროკავშირში ბირთვული ენერგიის განვითარება, ევროკავშირის დონეზე არ დაბლოკავენ პროექტს მათთვის, ვინც მხარს უჭერს ამ სფეროში ინვესტიციებს.
პოლიტიკოსები პრაგმატულები უნდა იყვნენ. ამ ფრონტზე ცოტა ხნის წინ გვქონდა წინსვლა. საფრანგეთმა და გერმანიამ თავის ახალ კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად მიაღწიეს სავარაუდო შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობაში ბირთვულ და განახლებად ენერგიებს თანაბარ დონეზე აყენებს. ამ შეთანხმების შედეგმა რეალურად ტექნოლოგიაში მეტი ინვესტიცია უნდა უზრუნველყოს. მხოლოდ გასულ კვირას ბელგიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2003 წლის კანონის გაუქმებას, რომელიც ეხებოდა ბირთვული ენერგიის ეტაპობრივად შეზღუდვას. ასევე გასულ კვირას დანიამ გადაწყვიტა გადაეხედა 40 წლის წინანდელი მიღებული კანონმდებლობისთვის, რომელიც ატომურ ენერგიას კრძალავდა, რაც საბოლოოდ შესაძლოა ამ აკრძალვის გაუქმებით დასრულდეს. ამრიგად, დიახ, ევროპა ამ თემაზე ორადაა გაყოფილი, მაგრამ საკითხი გაყინული არ არის, რაც კარგი ამბავია.
ევრონიუს ჯორჯია: მოდით, ვისაუბროთ სხვა რეგიონებზეც, როგორიცაა სამხრეთ კავკასია. რამდენად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფანი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის?
პეტია ბერზილსკა, „ენერგეტიკული უსაფრთხოების ევროპული ინიციატივის პოლიტიკის” ხელმძღვანელი: სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფანი, რა თქმა უნდა, ევროპის მოკლევადიანი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ევროპელებს აკავშირებს ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყნებთან, როგორებიცაა აზერბაიჯანი და ყაზახეთი. ეს მნიშვნელოვანია რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შესამცირებლად. თუ დავაკვირდებით, 2023 წელს ევროკავშირმა ბუნებრივი აირის 7% აზერბაიჯანიდან შემოიტანა, ხოლო გასულ წელს ყაზახეთი იყო ნავთობის მესამე უდიდესი იმპორტიორი ევროკავშირისთვის, აშშ-ისა და ნორვეგიის შემდეგ.
მაგალითად, საქართველო, სარგებელს იღებს, რომ მას კარგი ადგილი უჭირავს ამ სატრანზიტო დერეფანში, რომელიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებს ევროპულ ბაზართან აკავშირებს. თუმცა ევროპა ფრთხილად უნდა იყოს გარე დამოკიდებულებასთან. იზრდება გეოპოლიტიკური რისკები, ევროკავშირმა შესაბამისი კარტით უნდა ითამაშოს, რადგან ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მრავალფეროვანი იქნება ენერგორესურსების იმპორტიორთა სია. მომავალში, ძლიერი გლობალური თანამშრომლობა გვჭირდება. სტრატეგიული ენერგეტიკული დიპლომატია სულ უფრო მეტად იქნება საჭირო კრიტიკული ენერგეტიკული რესურსების უზრუნველსაყოფად. სამხრეთ კავკასია, დიდი ალბათობით, ევროკავშირისთვის მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ევრონიუს ჯორჯია: რა შეგვიძლია ვთქვა აშშ-ზე? ის ევროკავშირისთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მაგალითად, 2024 წელს იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარი შეერთებულ შტატებზე მოდიოდა. როგორია უახლესი ტენდენციები? რა ბერკეტები აქვს აშშ-ს, როდესაც საქმე გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგომატარებლების ფასებს ეხება?
პეტია ბერზილსკა, „ენერგეტიკული უსაფრთხოების ევროპული ინიციატივის პოლიტიკის” ხელმძღვანელი: დიახ, აშშ ენერგორესურსების დიდი ექსპორტიორია. როგორც თქვენ თქვით, ევროკავშირში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის ნახევარი ვაშინგტონმა უზრუნველყო. თუმცა ეს ყველაფერი არაა. გასულ წელს აშშ აგრეთვე ნავთობის უდიდესი იმპორტიორი და ქვანახშირის სიდიდით მეორე იმპორტიორი იყო ევროკავშირში ავსტრალიის შემდეგ. ის ენერგომატარებლების გლობალური ექსპორტიორია, ასევე დოლარს მსოფლიოში კვლავ ძლიერი პოზიციები აქვს.
გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში აშშ-ს, მართლაც, ძლიერი ბერკეტები აქვს და სავარაუდოდ, ის გააგრძელებს ევროკავშირის მთავარ ენერგოპარტნიორობას. თუმცა თხევადი ბუნებრივი აირის განვითარება შეერთებულ შტატებში და სახელშეკრულებო ურთიერთობები ევროკავშირსა და ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ბაზრის მიერ რეგულირდება და ეს მილსადენებისგან განსხვავებული ბაზარია.
ბუნებრივი აირის საბადოებს, ისევე როგორც თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებს აშშ-ში კერძო კომპანიები მართავენ. მომავალი 5-10 წლის დინამიკას ის განსაზღვრავს, რამდენად იქნება დამოკიდებული ევროპა ამერიკულ ენერგომატარებლებზე. ამ ეტაპზე ევროპა მზადაა, ვაშინგტონისგან მეტი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინოს და ეს ასევე შეიძლება შეერთებულ შტატებთან სავაჭრო პროფიციტის შემცირებაში დაეხმაროს.
თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ და იმ რისკების, რომლებიც აღვნიშნე, თუ ევროპას სურს გახდეს უფრო ენერგოდამოუკიდებელი, მან გაზის იმპორტი უნდა შეამციროს, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ადგილზე წარმოებული ენერგიით ჩაანაცვლოს.
ევრონიუს ჯორჯია: რომელ სტრატეგიულ ნაბიჯებს უნდა მიანიჭოს ევროკავშირმა პრიორიტეტი მომდევნო 5 ან 10 წლის განმავლობაში, რათა საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება და მდგრადობა გააძლიეროს? განსაკუთრებით პოტენციური გეოპოლიტიკური საფრთხეების გათვალისწინებით.
პეტია ბერზილსკა, „ენერგეტიკული უსაფრთხოების ევროპული ინიციატივის პოლიტიკის” ხელმძღვანელი: ეს კიდევ ერთი კარგი შეკითხვაა. ჰიბრიდული ომი ძლიერდება. ტრადიციული ხერხების პარალელურად, ჩვენ ვხედავთ კიბერთავდასხმას, ეკონომიკურ ზეწოლასა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემების ბოროტად გამოყენების ინოვაციურ გზებს. ასეთმა მცდელობებმა, რა თქმა უნდა, შესაძლოა შიგნიდან ევროკავშირის დესტაბილიზაცია და დასუსტება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში ევროპამ და ევროკავშირმა უნდა ჩადოს ინვესტიციები ენერგოსისტემებსა და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული მასალების მარაგების განვითარებაში. გვჭირდება ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და გაფართოება კონტინენტის საერთო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს უზრუნველყოფს ენერგიის უფრო იაფ და უსაფრთხო გადაცემას, აგრეთვე, შეამცირებს ევროპის ძვირადღირებულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვან საწვავზე. ამ ყველაფერმა შესაძლოა შეამსუბუქოს ჰიბრიდული ოპერაციებით გამოწვეული ზიანი კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მომავალში.
მომდევნო ათწლეულში ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ევროპის თავდაცვა, უსაფრთხოება და მდგრადობა. ენერგეტიკული ინვესტიციები რეალურად უსაფრთხოებაში ინვესტიციაა. როგორც აღვნიშნე, ეს მოიცავს წარმოებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, პორტებს და ზოგადად წარმოებას. რა თქმა უნდა, ევროპა უნდა იყოს სხარტი, განსაკუთრებით სტრატეგიულ ტექნოლოგიებში ინვესტირებისას. მან ინვესტიცია უნდა ჩადოს, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვებში არსებული რისკების შესამსუბუქებლად, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიმართულებით. ტექნიკა შესაძლოა ემსახურებოდეს როგორც სამოქალაქო სისტემის მდგრადობას, ისევე ენერგოქსელების თავდაცვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპას, მაგალითად, შეუძლია რობოტიკის ორმაგი პოტენციალი გამოიყენოს და ამ კუთხით უკრაინის გამოცდილებას დაეყრდნოს.
ამან შესაძლოა გააუმჯობესოს ენერგოქსელის მუშაობა, მზადყოფნა და პოტენციური რეაგირება კინეტიკურ და ჰიბრიდულ შეტევებზე. ამრიგად, ვფიქრობთ, რომ არსებული ვითარება შესაძლებლობაა ევროპისთვის, უსაფრთხოება უზრუნველყოს. ესაა ის, რაზეც ევროპა მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უნდა კონცენტრირდეს.