აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, რუსი სამხედრო ჰაკერები დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შემუშავებულ დახმარების პროგრამებს ესხმიან თავს.

ჰაკერულ თავდასხმაში, რომელიც ჯგუფ Fancy Bear-ს მიეწერება, ჰაკერები ისეთ ტაქტიკას იყენებდნენ, როგორიცაა „სფეარფიშინგი” — ანუ გზავნიდნენ ცრუ შეტყობინებებს, რომლებიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ გამოეტყუებინათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაენერგათ მავნე პროგრამები.

ჰაკერები ცდილობდნენ, შეეღწიათ თავდაცვის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში მოქმედი კომპანიების სისტემებში დასავლეთის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც. მიზანში ამოიღეს ასევე პორტები, აეროპორტები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

ოპერაციის ფარგლებში, ჰაკერებმა ასევე სცადეს, რომ შეეღწიათ 10,000-ზე მეტ, როგორც კერძო ასევე საჯარო ვიდეოკამერებზე. ამ კამერების უმეტესობა უკრაინაში იყო განლაგებული, ნაწილი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, რუმინეთსა და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

კიბერუსაფრთხოების კომპანია Claroty-ის სტრატეგიული დირექტორის, გრანტ გეიერის, თქმით, ჰაკერთა მეთოდები არ იყო განსაკუთრებით დახვეწილი, თუმცა ისინი მათ სისტემატურად და ზუსტად იყენებდნენ.

დასავლური ქვეყნების მიერ წლების განმავლობაში მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სწორედ ჰაკერული დაჯგუფება Fancy Bear იდგა უკრაინაში, საქართველოში, NATO-ს წევრ ქვეყნებზე, საერთაშორისო ჟურნალისტებსა და სხვა სამიზნეებზე განხორციელებული მრავალი კიბერშეტევის უკან.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო და FBI აცხადებენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ გააგრძელებს სადაზვერვო საქმიანობას და დახმარების მიწოდებაში ჩართულ კომპანიებს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალურად ფხიზლად იყვნენ.

euronews georgia