რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშს გამოეხმაურა.
„ირანზე ღამით აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, თეირანს ბირთვული იარაღი გადასცეს“, - წერს მედვედევი ტელეგრამზე.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანებულა და ქვეყანა ბირთვულ პროგრამას გააგრძელებს.
„რა მიაღწიეს ამერიკელებმა ირანში სამ წერტილზე ღამის დარტყმებით? ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო, ან საერთოდ არ დაზიანებულა. ბირთვული მასალის გამდიდრება და, ახლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება, გაგრძელდება. რიგი ქვეყნები მზად არიან ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი. ისრაელი თავდასხმის ქვეშაა, აფეთქებები ხმები ისმის, ხალხი პანიკაშია. შეერთებული შტატები ახალ კონფლიქტშია ჩათრეული სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივით“, - წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ირანის პოლიტიკური რეჟიმი არსებობას აგრძელებს და, დიდი ალბათობით, უფრო ძლიერი გახდა, ხალხი სულიერი ლიდერის გარშემო ერთიანდება, მათ შორის ისინიც, ვინც მას არ თანაუგრძნობდა.
„ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, შეერთებული შტატებისთვის ახალი ომი დაიწყო. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელისა და შეერთებული შტატების ქმედებების წინააღმდეგია. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“- წერს მედვედევი.
წუხელ აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
უფრო კონკრეტულად, შეერთებიულმა შტატებმა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვამდე სამივე ლოკაციიდან ევაკუაცია იყო განხორციელებული.
ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ.
ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, უღალატა დიპლომატიას, წაახალისა უკანონო და გენოციდის ჩამდენი ისრაელის რეჟიმი კონფლიქტის გაღვივებისკენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევაში ადანაშაულებს. „ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, სრული ძალით დაიცვას თავი აშშ-ის სამხედრო აგრესიისა და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან. ამერიკული პოლიტიკა და მმართველობა არის კორუმპირებული და კრიმინალური სიონისტური კარტელის კონტროლის ქვეშ, რომელიც იყენებს ამერიკელების სიმდიდრეს, სიცოცხლეს და რეპუტაციას საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად მსოფლიოსა და დასავლეთ აზიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.
თეირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს.
ირანის მხარდასაჭერად ომში ჩართვაზე ოფიციალურად განაცხადა იემენის არმიამ. აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს საუდის არაბეთმა, ომანმა და კატარმაც.
ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
საუდის არაბეთშიც განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.
წესებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოვჩნდებით? გაეცანით აქ 👇
შეგახსენებთ, ბრიტანული მედია ჯერ კიდევ გუშინ წერდა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენებმა, თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერების თანხლებით, მისურის შტატში მდებარე უაიტმენის საჰაერო ბაზა დატოვეს და დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ. B-2 Spirit შორი რადიუსის საიერიშო მისიებისთვის არის შექმნილი და მას, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის, გადატანაც შეუძლია. აღნიშნული ბომბდამშენი ერთადერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელსაც ბუნკერების საწინააღმდეგოდ შექმნილი GBU-57-ის ტიპის ბომბის გადატანა შეუძლია.