2024 წლის ივნისში სპილენძის ფასი თვიურად 4.6%-ით შემცირდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში წერს.

გაზაფხულზე დაფიქსირებული რეკორდული $11,000-იანი ნიშნულის შემდეგ, რაც ტრეიდერების სპეკულაციის შედეგი იყო, ფასი შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, მაღალმა ფასებმა მომხმარებლებს შესყიდვების გადავადება აიძულა და დეფიციტის მოლოდინები არ რეალიზდა. შედეგად, ივნისის დასაწყისში ჩინეთში სპილენძის მარაგები 2020 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს აღწევდა.

ფასის კლებასთან ერთად მომხმარებლის ნაწილი ბირჟაზე დაბრუნდა, რამაც თვის ბოლოს ჩინური მარაგების მცირედით კლება გამოიწვია. მიუხედავად ფასის ბოლო დინამიკისა, ფასის გრძელვადიანი პროგნოზი კვლავ ოპტიმისტურია, ვინაიდან მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი მოსალოდნელია.

რაც შეეხება ევროპულ ფეროსილიკონს, 2024 წლის ივნისში მისი ფასი თვიურად 3.2%-ით, ხოლო ჩინურის 3.7%-ით შემცირდა. თუმცა, თვიურად 18.9%-ით გაიზარდა სილიკო-მანგანუმის ფასი, რაც ავსტრალიაში შტორმის გამო მანგანუმის მომპოვებელი მაღაროს (მსოფლიოში სიდიდით მე-2) დახურვას უკავშირდება. ორივე მეტალი ფოლადის წარმოებაში გამოიყენება, თუმცა მათი თვისებებიდან გამომდინარე ფასის ზრდის ეფექტი ფეროსილიკონზე ლიმიტირებული იქნება. მოთხოვნის მხარეს ჩინური ფოლადის წარმოება კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება, - ნათქვამია Galt & Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში.