ლიეტუველმა პარლამენტარებმა უარი თქვეს მათი ვინაობის გამჟღავნებაზე, ვინც ყოფილ საბჭოთა „კაგებე“-სთან თანამშრომლობა აღიარა.
30 აპრილს ლიეტუვას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტებს, რომლებიც კონსერვატიული პარტია „სამშობლოს კავშირი -ლიეტუვის ქრისტიან-დემოკრატები“-ს (TS-LKD) დეპუტატმა, არვიდას ანუშაუსკასმა და მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „ნემუნასის განთიდის“ (Nyamunas Dawn) ლიდერმა, რემიგიუს ჟემაიტისმა ცალკე წარადგინეს.
„ჩემი აზრით, არცერთი ეს კანონპროექტი არ უნდა დამტკიცდეს“, - განაცხადა კენჭისყრის წინ სეიმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იუოზას ოლეკასმა.
სოციალ-დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ მათი სახელების გამჟღავნება, ვინც „კაგებე“-სთან თანამშრომლობა აღიარა, სარგებელს მხოლოდ იმ ხალხს მოუტანს, ვინც საბჭოთა რეპრესიულ აპარატთან თავისი კავშირები დამალა და „კაგებე“-სთან თანამშრომლობა არ უღიარებია.
კონსერვატორი დეპუტატი, არვიდას პოციუსი გამოვიდა მოწოდებით, უპირველესად დადგინდეს, რა სარგებელს მოუტანს სახელმწიფოს და საზოგადოებას ამ პირთა ვინაობის გამჟღავნება, ასევე გაირკვეს, რა პოტენციური ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა.
დამოუკიდებელი დეპუტატი, ვიტაუტას სინიკა ეს საკითხს ისტორიული სამართლიანობის ჭრილში უყურებს. მან აღნიშნა, რომ ლიეტუვას სახელმწიფომ თავდაპირველი დაპირება უკვე შეასრულა და გაასაიდუმლოვა იმ პირთა ვინაობა, ვინც საბჭოთა „კაგებე“-სთან თანამშრომლობა აღიარა.
სინიკამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, იმ პირთა სახელების გამჟღავნება, ვინც „კაგებე“-სთან თანამშრომლობა აღიარა, რუსულ დაზვერვას მათ დაშანტაჟებაში დაეხმარება, ვინც ასეთი ნაბიჯი არ გადადგა და „კაგებე“-სთან თანამშრომლობა დამალა. როგორც სინიკა ამბობს, ბევრი აგენტის დოსიე ჯერ კიდევ რუსების ხელშია.
საბჭოთა აგენტურის გასაჯაროებას ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ახლად დანიშნული დირექტორი, რემიგიუს ბრიდიკისიც ეწინააღმდეგება, რასაც ის მტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის რისკის მოტივით ხსნის.
დეპუტატი ანუშაუსკასი გამივიდა ინიციატივით, არსებულ კანონში შევიდეს ცვლილება და მასში გაუქმდეს მუხლი, რომლის მიხედვითაც, „კაგებე“-სთან თანამშრომლობის მაღიარებელთა ვინაობა 75 წლით არის გასაიდუმლოებული. ანუშაუსკასის აზრით, მსგავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილმა უწყებებმა უნდა მიიღონ.
ჟემაიტისის მიერ ინიცირებული კანონპროექტი კი გამონაკლისებს უშვებს და მხოლოდ იმ აგენტურის გასაჯაროებას ითვალისწინებს, ვინც გარკვეულ კატეგორიებს მიეკუთვნება. კერძოდ, თუ ისინი არიან პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები, მოსამართლეები, დაზვერვის ოფიცრები, საკადრო სამხედრო პირები, სახელმწიფო ან მუნიციპალური დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საზოგადოებრივი ინფორმაციის გამავრცელებლები და პოლიტიკური პარტიების წევრები.
მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც 2000 წლის 1 თებერვალს შევიდა ძალაში, საშუალებას აძლევდა „კაგებე“-სა და სხვა საბჭოთა სადაზვერვო სამსახურების ყოფილ ოპერატიულ მუშაკებს და ინფორმატორებს, სპეციალური კომისიისთვის აღიარებითი ჩვენება მიეცათ. კონფიდენციალურობის გარანტირებულ ვადად 15 წელი დადგინდა.
2015 წლის ივნისში, როდესაც თავდაპირველად დადგენილი ვადა დასასრულს მოახლოვდა, სეიმმა კონფიდენციალურობის პერიოდი კიდევ 75 წლით გაახანგრძლივა.
თუმცა, კანონი აგენტურის აბსოლუტურ გასაიდუმლოებას არ უზრუნველყოფს.
თუ ასეთი პირები კენჭს იყრიან საჯარო თანამდებობაზე (მათ შორის, პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის ან ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელის პოსტზე), ან დააპირებენ მოსამართლის ან პროკურორის თანამდებობაზე განაცხადის შეტანას, მათი აღიარება სახელმწიფო საიდუმლოებად აღარ ჩაითვლება და უნდა გასაჯაროვდეს.
1991 და 1992 წლებში, „კაგებე“-ს ყოფილ თანამშრომლებს დროებითი საპარლამენტო კომისიის წინაშე თავისი წარსულის აღიარების საშუალება მიეცათ.
წარსულში საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობა, ლუსტრაციის კომისიის მეშვეობით, სულ 1589 პირმა დაარეგისტრირა.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სეიმში რამდენიმე იყო მათ იდენტობებზე დადებული „საიდუმლოების გრიფის“ მოხსნის მცდელობა, ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება არცერთხელ არ ყოფილა მიღებული.
წყარო: 1tv.ge