უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან მინერალების შესახებ შეთანხმება უკრაინის უმაღლეს რადაში რატიფიცირებული იქნება, ხოლო იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ, ამერიკული ვიზები უნდა გაუუქმდეთ.

პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების რატიფიკაციისას დეპუტატები "არამხოლოდ მომავლისთვის, არამედ იმასაც უნდა უყარონ კენჭი, რაც დღეს გვჭირდება".

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ აპირებენ ამის გაკეთებას. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ აშშ-მ მათი ვიზები უბრალოდ უნდა გაუუქმოს" - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონკრეტული დეპუტატების დასახელების გარეშე, პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პირებზე, რომლებიც "თვეში ერთხელ მაინც ჩადიან ამერიკაში" და იქ საუბრობენ უკრაინაში მძიმე მდგომარეობაზე, აგრეთვე - "რომელი რეგიონებია მნიშვნელოვანი და რომლები - ნაკლებად მნიშვნელოვანი".

"შედეგი ეკრანზე გამოჩნდება: ვინ მისცა ხმა და ვინ - არა. ორმაგი თამაში შეუძლებელია" - თქვა ზელენსკიმ

გუშინ, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა თქვა, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში მინერალების შეთანხმების რატიფიცირებას კენჭს, სავარაუდოდ, 8 მაისამდე უყრიან.

30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.

"ეს შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ს ეკონომიკურ ჩართულობას უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული მომავლის უზრუნველსაყოფად.

შეთანხმება გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სა და უკრაინას შორის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, იმ მასშტაბური დესტრუქციის საპასუხოდ, რომელიც რუსეთს სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია". – ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სრულად კოლაბორაციულ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომლითაც სარგებელს როგორც აშშ, ისე უკრაინა მიიღებს.

"ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის – აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას". – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის სარგებლები, რომლებსაც ორი ქვეყანა უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის ოპერირების შედეგად მიიღებს:

  • უკრაინასა და აშშ-ს შორის ამ თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნება ფონდი, რომელიც მიიღებს უკრაინის ბუნებრივი რესურსების პროექტებიდან მიღებული ჰონორარების, ლიცენზიის გადასახადებისა და სხვა მსგავსი შემოსავლების 50 პროცენტს. 
  • ეს თანხები ინვესტიციის სახით ჩაიდება ახალ პროექტებში უკრაინაში, რაც გრძელვადიან შემოსავალს შექმნის როგორც ამერიკელი, ისე უკრაინელი ხალხისთვის. 
  • ახალი პროექტები წამოწყებისას, ფონდის რესურსები სწრაფად გადანაწილდება ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და უკრაინის განვითარების სხვა პრიორიტეტების მხარდასაჭერად.
  • არაპირდაპირი სარგებელი იქნება კერძო სექტორის გაძლიერება და უფრო მტკიცე და მდგრადი ინფრასტრუქტურა, რაც უკრაინის გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს.
  • შეთანხმების ზედამხედველი იქნება კომპანია, რომლის დირექტორთა საბჭოშიც თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი სამი უკრაინელი და სამი ამერიკელი წევრი. ისინი კოლაბორაციული პროცესის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს ფონდიდან რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით, როგორიცაა ინვესტიციები და [თანხების] განაწილებები. 
  • თანამშრომლობა ასევე უზრუნველყოფს უმაღლეს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რათა უკრაინისა და აშშ-ს მოქალაქეებმა თანაბრად ისარგებლონ უკრაინის რეკონსტრუქციით.
  • ბუნებრივი წიაღისეულის პროექტებში შედის მინერალების, ნახშირწყალბადებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
  • თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ამ რესურსების შეძენა სურს, გვექნება პრიორიტეტი, თავად შევიძინოთ ისინი ან თავად ავირჩიოთ ის, ვინც მათ შეიძენს. 
  • ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი საშუალებას იძლევა, რომ კრიტიკული რესურსები არ მოხვდეს არასწორ ხელში.
  • ამასთან, ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის - აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას.
  • ვერცერთი სახელმწიფო, კომპანია ან პირი, რომელმაც დააფინანსა ან მოამარაგა რუსეთის ომის მანქანა, ვერ ისარგებლებს უკრაინის რეკონსტრუქციით და ვერ ჩაერთვება პროექტებში, რომლებიც ფონდის რესურსებით იქნება დაფინანსებული. 

წყარო: tabula.ge