ნიდერლანდების მთავრობა ჩამოიშალა, რადგან ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა კოალიცია დატოვა

სამშაბათს, 3 ივნისს, ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა, იმიგრაციის საკითხზე უთანხმოების გამო, მთავრობიდან ყველა თანაპარტიელი გაიყვანა, რამაც ისედაც არასტაბილური კოალიცია საბოლოოდ ჩამოშალა და საქმე, სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანა. ვილდერსმა თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ დაბალი იყო „ისტორიაში ყველაზე მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის“ დანერგვის ტემპი, რომლის განხორციელებაზეც ის, 2023 წლის ნოემბერში მოპოვებული შოკისმომგვრელი გამარჯვების შემდეგ, კოალიციის პარტნიორებთან იყო შეთანხმებული. „მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის გეგმებზე ჩვენი ხელმოწერა არ იქნება... „თავისუფლების პარტია“ (PVV) კოალიციას ტოვებს“, - დაწერა ვილდერსმა „იქს“ პლატფორმაზე. ამ გადაწყვეტილებით იწყება პოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდი ევროკავშირის სიდიდით მეხუთე ეკონომიკის მქონე და მთავარი ექსპორტიორი ქვეყნის ცხოვრებაში, თანაც იმ ფონზე, როდესაც მემარჯვენე პარტიები მთელ კონტინენტზე იმყარებენ პოზიციებს.

მთავრობის კრიზისი ემთხვევა ნატო-ს სამიტის წინა პერიოდს, რომელსაც რამდენიმე კვირის შემდეგ ნიდერლანდები უმასპინძლებს. კრიზისის დაძლევის მიზნით სამშაბათ დილით გამართული უკანასკნელი მოლაპარაკებები სულ რაღაც ნახევარ საათში უშედეგოდ დასრულდა და ოთხი კოალიციური პარტიის ლიდერი შეხვედრიდან გაღიზიანებული და გაწბილებული გამოვიდა. „მე ახლახან ვაცნობე პრემიერ-მინისტრს, რომ „თავისუფლების პარტიის“ მინისტრებს მთავრობის შემადგენლობიდან გამოვიყვან. ჩვენ პასუხისმგებლობის აღება აღარ შეგვიძლია“, - განაცხადა ვილდერსმა. „მე, თავის დროზე, ხელი მოვაწერე მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემაზე ყველაზე მკაცრ პოლიტიკას და არა ნიდერლანდების დაცემას. ამიტომ, მთავრობის ამჟამინდელ კაბინეტზე ჩვენი პასუხისმგებლობა ამ მომენტში მთავრდება“, - დასძინა მან.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბოლო საყოველთაო არჩევნებში ვილდერსის PVV-ს მოულოდნელი გამარჯვებიდან თვრამეტი თვის შემდეგ, რამაც ევროპაში შოკი გამოიწვია, ეს პოლიტიკურა ძალა ქვეყანაში კვლავ ყველაზე ძლიერია. თუმცა, უახლოეს კონკურენტებთან სხვაობა შემცირდა: ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის მემარცხენე პარტია „მწვანე მემარცხენეებისა და ლეიბორისტების ალიანსი“ (Green/Left) ძალიან ახლოს არის PVV-სთან. ამ დუეტს კვალში მისდევს ნიდერლანდების პოლიტიკაში ტრადიციულად გავლენიანი ლიბერალური „ხალხის პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD), რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება. VVD-ის ლიდერმა დილან იეშილგოზმა, რომელიც ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო, ვილდერსის ნაბიჯს „მეტისმეტად უპასუხისმგებლო“ უწოდა და დასძინა, რომ შიშობს, ვილდერსის ამ ქმედებამ მემარცხენე პარტიებს არ გაუღოს კარი.

„როგორ შეიძლება ნიდერლანდებისთვის ამის გაკეთება?“ - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მოთმინება ამოიწურა“

ვილდერსმა მაისის ბოლოს, მოულოდნელად, პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ დიკ სხოოფის მთავრობის მიმართ მისი „მოთმინება ამოიწურა“. ის კოალიციას ჩაძირვით დაემუქრა, თუკი მიგრაციის შეზღუდვის ახალი 10-პუნქტიანი გეგმა რამდენიმე კვირაში არ განხორციელდებოდა. ვილდერსის გეგმა ითვალისწინებდა საზღვრების ჩაკეტვას თავშესაფრის მაძიებლებისთვის, გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლს და დანაშაულში მსჯავრდებული ორმაგი მოქალაქეების დეპორტაციას. თავისი მოთხოვნების შეჯამებისას, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა მოითხოვა: „დახურეთ საზღვრები თავშესაფრის მაძიებლებისთვის და მიგრანტების ოჯახის წევრთა შეერთებისთვის. აღარ გაიხსნას თავშესაფრის ცენტრები. დახურეთ ისინი“.

პოლიტიკურმა ექსპერტებმა ვილდერსის გეგმები გააკრიტიკეს, როგორც განუხორციელებადი ან უკანონო, ზოგიერთმა კი გამოთქვა ვარაუდი, რომ ულტრამემარჯვენეების ლიდერმა, მთავრობის ჩამოშლის მიზნით, კრიზისი ხელოვნურად შექმნა. ვილდერსს, მისი ანტიმიგრანტული შეხედულებების და ვარცხნილობით ადვილად ამოცნობის გამო, ხშირად „ჰოლანდიელ ტრამპს“ უწოდებენ. ქვეყნის ლიდერობის მისი ამბიციები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩაიშალა, რადგან კოალიციურმა პარტნიორებმა ვილდერსის პრემიერობის მცდელობა დაბლოკეს და კომპრომისულ კანდიდატზე, სხოოფზე შეთანხმდნენ. ოთხი კოალიციური პარტიის ლიდერი ასევე შეთანხმდა, რომ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს არ დაიკავებდნენ და სანაცვლოდ, პარლამენტში თავიანთ პარტიების წარმომადგენლობებს უხელმძღვანელებდნენ.

ვილდერსი პარლამენტში უკომპრომისო ფიგურა იყო, ტიმერმანსთან მისი მახვილგონოვრული პაექრობა კი დებატების დროს ყველას ყურადღებას იქცევდა. მას ხშირად უთქვამს, რომ ანტიმიგრაციული პოლიტიკის განხორციელების ერთადერთი გზა მისი პრემიერ-მინისტრობა იყო. თუმცა, ჰოლანდიის ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ სისტემაში, აბსოლუტურ უმრავლესობას 150-ადგილიან პარლამენტში ვერცერთი პარტია ვერ მოიპოვებს და ვილდერსს პარტნიორები დასჭირდება. მას შეუძლია ფერმერთა პარტიის (BBB) მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. VVD-ის მხარდაჭერა კი, რომელიც ამჟამად არასტაბილური კოალიციური პარტნიორია, ნაკლებად სავარაუდოა. ამჟამინდელი კოალიციის მეოთხე პარტიას - ანტიკორუფციულ „ახალ სოციალურ კონტრაქტს“ (NSC) - მხარდაჭერა მას შემდეგ შეუმცირდა, რაც მისი ქარიზმატული ლიდერი, პიტერ ომციგტი გადადგა.

ულტრამემარჯვენე პარტიები ევროპაში აღზევებას განიცდიან. მაისში, ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგამ“ პორტუგალიის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. გერმანიაში, ანტიმიგრაციულმა ულტრამემარჯვენე გაერთიანებამ „ალტერანტივა გერმანიისთვის“ (AfD) თებერვალში საკანონმდებლო არჩევნებში თავისი წარმომადგელობა გააორმაგა და 20.8 პროცენტამდე გაზარდა. ბრიტანეთში კი, ნაიჯელ ფარაჯის ანტიმიგრაციულმა, მემარჯვენე „Reform UK“-მა, ადგილობრივ არჩევნებში ფურორი მოახდინა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

წყარო: 1tv.ge