გამოცემა Kyiv Independent უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ СБУ-მ დრონებით რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობქიმიურ კომპლექსზე, Газпром Нефтехим Салават-ზე იერიში მიიტანა.

გამოცემის წყაროს ცნობით, რამდენიმე დრონის იერიშის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ნავთობქიმიურ კომპლექსზე იერიშის შესახებ ცნობას ასევე ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რადიი ხაბიროვი ავრცელებს.

"Газпром Нефтехим Салават-ზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს. დაზიანებების ხარისხს ვარკვევთ. ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს, ვდგამთ ნაბიჯებს ხანძრის ჩასაქრობად". - დაწერა ხაბიროვმა Telegram-ზე.

Газпром Нефтехим Салават რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც 150 სხვადასხვა სახის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ბენზინსა და დიზელის საწვავს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს Kyiv Independent ასევე წერდა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომ СБУ-მ იგივე ქარხანაზე მიიტანა დრონებით იერიში.