ჩვენი პლანეტა კლიმატური ცვლილებებისა და ბუნებრივი რესურსების ამოწურვის პრობლემის  წინაშე დგას. ეს გამოწვევები დღევანდელ სამყაროში უკვე ყოველდღიურად არის საგრძნობი. ამ პირობებში მწვანე ენერგიის მნიშვნელობა სულ უფრო აქტუალური ხდება. კაცობრიობის გზა  მდგრადი მომავლისკენ სწორედ  მწვანე ენერგეტიკაზე გადის.

მწვანე ენერგიის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი სათბურის აირების ემისიების შემცირებაა,  მაგალითად, ნახშირორჟანგის გამოყოფა დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს კლიმატზე, ამ გავლენის შესამცირებლად კი განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა.

მსოფლიოში მწვანე ენერგეტიკის განვითარება კაცობრიობას კიდევ ერთ სიკეთეს მოუტანს, ესაა ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულების შემცირება. მწვანე ენერგია ხელს უწყობს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას, ამოწურვად ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური კონფლიქტების შემცირებას. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ამცირებს ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულებას და აძლიერებს ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. 

ენერგიის ამ ფორმას „მწვანე“ ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადი წყაროების გამოყენების გამო ეწოდება. გადავხედოთ მწვანე ენერგიის სხვადასხვა ტიპებს და მის როლს ჩვენი პლანეტის გადარჩენაში.

მწვანე ენერგიის წარმოება სხვადასხვა ფორმით შეიძლება. მისი სახეობები მრავალფეროვანია. მწვანე ენერგიის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი წყალია.

ჰიდროენერგია: წყლის ენერგიას ელექტროენერგიად ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით გარდაქმნიან. მსოფლიოში ათასობით ჰიდროელექტროსადგურია. არსებობს როგორც დიდი, ასევე უფრო მცირე სისტემები, მაგალითად ისეთები როგორიცაა მოქცევის ელექტროსადგურები.

მზის ენერგია: მზის სხივებს ელექტროენერგიად მზის პანელები გარდაქმნიან, ესაა ენერგიის თითქმის ამოუწურავი წყარო. მზის ენერგია ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა მწვანე ენერგეტიკის სფეროში.

ქარის ენერგია: ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოებისთვის  ქარის ტურბინები გამოიყენება, ისინი  ქარის კინეტიკურ ენერგიას იყენებენ. ქარის ტურბინები შეიძლება დამონტაჟდეს როგორც ხმელეთზე ასევე ზღვაში.

გეოთერმული ენერგია: დედამიწის ან წყლიდან სითბოს მოპოვება ენერგიის წარმოებისთვის არის გეოთერმული ენერგიის ფორმა. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა გზა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

მწვანე ენერგიის წარმოებაში მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანა ლიდერობს.  ეს სახელმწიფოები მნიშვნელოვან ძალისხმევას დებენ ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლისთვის.

ნორვეგია:

ნორვეგია მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკის ერთ-ერთი უდიდესი  მწარმოებელია. მრავალი ჩანჩქერისა და მდინარის წყალობით, ქვეყნის ელექტროენერგიის  90%-ზე მეტი სწორედ  ჰიდროელექტროსადგურების გამოყენებით იწარმოება.

დანია:

დანია ქარის ენერგიის წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. ქვეყანაში ელექტროენერგიის დაახლოებით 40% ქარის ტურბინების გამოყენებით იწარმოება. დანიის მთავრობის პოლიტიკა ორიენტირებულია მდგრადობასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე.

გერმანია:

გერმანია წარმატებით ნერგავს მზის ტექნოლოგიებს და ქარის ენერგიას. ქვეყანა მზის ენერგიის ლიდერი გახდა, მზის პანელებში სოლიდური ინვესტიციებისა და მთავრობის ეფექტური პოლიტიკის  წყალობით.

შვედეთი:

შვედეთი აქტიურად იყენებს ჰიდროენერგეტიკასა და ბიომასას ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ეს წყაროები შეადგენენ ქვეყნის ენერგეტიკული მიქსის მნიშვნელოვან ნაწილს, რაც შვედეთს საშუალებას აძლევს შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი.

ჩინეთი:

ჩინეთი მზის პანელებისა და ქარის ტურბინების უდიდესი მწარმოებელი და მომხმარებელია მსოფლიოში. ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ოსტა - რიკა:

კოსტა-რიკა არის წარმატებული მაგალითი განახლებადი ენერგიის სფეროში. ქვეყნის ელექტროენერგიის 98%-ზე მეტი იწარმოება ჰიდროენერგიის, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით.

მართალია, საქართველო ამ ქვეყნების ჩამონათვალში არაა, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანამ აჩვენა მზარდი ინტერესი მწვანე ენერგეტიკის მიმართ, ცდილობს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას. მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს აქვს დიდი რესურსი, გამოიმუშავოს მწვანე ენერგია.

საქართველო დიდი ხანია თავისი მდინარეების პოტენციალს ენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს. ჰიდროელექტროსადგურები, როგორიცაა ვარდნისი და ჟინვალი, გახდა ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო, თუმცა ქვეყანას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. წყლის ისეთი რესურსებით, როგორიც საქართველოს აქვს შესაძლებელია ბევრად მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, დასაქმებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

საქართველოს, რომელიც მდებარეობს კავკასიის თვალწარმტაც რეგიონში, აქვს მზის ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი პოტენციალიც.  მზის სხივების სუფთა და ხელმისაწვდომ ელექტროენერგიად გარდაქმნა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეიძლება, ამ მხრივ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. საქართველოში უკვე არის რამდენიმე ქარის ტურბინა, თუმცა რესურსი გაცილებით დიდია.

არსებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში არის ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული გამოწვევებიც, რომლებიც მოითხოვს გადაწყვეტილებებს მწვანე ენერგიის პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდისთვის. ეს მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და შესაბამისად რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში უსაფრთხოებაზეც.

რომ შევაჯამოთ, მწვანე ენერგეტიკის ტრანსფორმაცია შესაძლებელია და იძლევა პოზიტიურ შედეგებს, როგორც გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ასევე ეკონომიკაში ახალი შესაძლებლობების  შესაქმნელად. მწვანე ტექნოლოგიების მიღება, ეფექტურ პოლიტიკასთან და განათლებასთან ერთად, შეიძლება დედამიწის გადარჩენის გასაღები გახდეს.