ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, სალომე ჯანელიძე, ელექტროენერგეტიკული ბირჟის მორიგ გადადებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა ინვესტორების ნდობას სერიოზულად აზიანებს. ამის შესახებ ჯანელიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.

„ელექტროენერგეტიკული ბირჟის 7-ჯერ გადადება ნორმალური არ არის. ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ინვესტორების ინტერესზე, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან ქვეყნის კანონმდებლობას და მისი სტაბილურობის მოლოდინი აქვთ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, ინვესტორები არამარტო პროცესების პროგნოზირებადობაზე არიან ორიენტირებულნი, არამედ ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზეც, მათ შორის, იმ ვალდებულებებზე, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების წევრობიდან გამომდინარეობს.

ჯანელიძე ორი წლის ვადით გადავადებას გადაჭარბებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ არსებული გამოწვევების ანალიზი გაცილებით მოკლე დროშია შესაძლებელი: „ვფიქრობთ, რომ ორწლიანი გადავადება ძალიან ბევრია. მით უმეტეს, თუ პრობლემა ახალ მოდელზე გადასვლასთანაა დაკავშირებული, ეს გამოწვევები უფრო მოკლე ვადაში უნდა შეისწავლოს სახელმწიფომ და დაინტერესებულმა მხარეებმა. თუ რეალური რისკებია, ამ შემთხვევაში უკვე უნდა ვიმუშაოთ მათზე გადაწყვეტილებების მისაღებად.“

ჯანელიძის თქმით, ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაცია იყო, რომ გადავადების ვადა შემცირებულიყო. შესაბამისად, ის იმედოვნებს, რომ გადადების შედეგად გამოყოფილი დრო მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული, რათა მომდევნო ვადებში ბირჟის ამოქმედება წარმატებით განხორციელდეს.

„როდესაც ბირჟის გახსნის თარიღი დადგება, ქვეყანა მზად უნდა იყოს და ის მიზნები იყოს მიღწეული, რის [ბირჟის გახსნის] გამოც გადადება მოხდა“, - დასძენს ჯანელიძე.

ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნა კიდევ ერთხელ, 2 წლით გადავადდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება 26 ივნისს ამოქმედდა.

საქმე ისაა, რომ ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა და შემდგომ უკვე პლატფორმაზე ვაჭრობა სრულყოფილად უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, გადავადება 2027 წლის პირველ ივლისამდე მოხდა. შესაბამისად, მომდევნო ორი წელი ბაზარი კვლავ გარდამავალი მოდელით იმუშავებს

bm.ge