აჭარის მთავრობის აპარატმა ადმინისტრაციული შენობების შიდასარემონტო სამუშაოებზე 293 000 ლარით ტენდერი გამოაცხადა.
სარემონტო სამუშაოები ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის ორ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა ჩატარდეს – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N9-ში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტია და მთავრობის სხდომები იმართება და ახმედ მელაშვილის ქუჩა N26-ში.
სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად და მთავრობის აპარატის საქმიანობის პარალელურ რეჟიმში [საქმიანობის შეუფერხებლად].
ამასთან, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ძალებით რემონტს დაქვემდებარებული ცალკეული საოფისე ოთახების ავეჯისგან გამოთავისუფლება [დაუზიანებლად] და დასრულების შემდეგ კვლავ საწყის მდგომარეობაში დაბრუნება“.
ტენდერში გამარჯვებულს მოუწევს სხვადასხვა, მათ შორის სადურგლო და სახუროო, იატაკისა და კედლის საფარის, ღებვა-შემინვის, ელექტრო-სამონტაჟო და შენობის მოწყობის სხვა სამუშაოების ჩატარება.
ტენდერს თან ახლავს სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, რომლის მიხედვითას მელაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში ძირითადად „კორესპონდენციის განყოფილების [მოქალაქეთა მიღების] ოთახის შიდასარემონტო სამუშაოები“ ჩატარდება;
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე შენობაში კი – გაარემონტებენ კაბინეტებს სხვადასხვა სართულზე; ასევე სველ წერტილებს.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 15 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს შეწყდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობისთვის 6 406 500 ლარია გათვალისწინებული 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. აქედან 2,9 მილიონი ლარი მთავრობის აპარატში დასაქმებული 64 საჯარო მოხელის ხელფასებში დაიხარჯება; დანარჩენი კი – აპარატის სხვა ხარჯებია.