დიღმის ტყე-პარკსა და აღმაშენებლის ხეივანში, სადაც გადის წყლის ცენტრალური მაგისტრალი, სასმელი წყლის დაბინძურების რეალური საფრთხე არსებობს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სანიტარული ნორმების, სტანდარტების დარღვევაზე და სასმელი წყლის დაბინძურების მაღალ რისკებზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოც მიუთითებს.

„2020 წელს, თბილისის მერიის დაკვეთით, სასმელი წყლის მილსადენთან მოეწყო საკანალიზაციო კოლექტორი, რაც თავიდანვე არღვევდა სანიტარულ ნორმებს.

2024 წელს, დიღმის ტყე-პარკის მხრიდან, აღნიშნულ კოლექტორზე მოხდა სამი კომერციული ობიექტის დაერთება, რის შედეგადაც დამატებით დაირღვა სასმელი წყლის ზონა.

ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოვითხოვეთ, რის შემდეგაც „ჯივიპიმ“ დაიწყო აღმაშენებლის ხეივანში საკანალიზაციო კოლექტორის 70-მეტრიანი მონაკვეთის გადატანა, მაგრამ ამ მშენებლობის შედეგად მაინც ირღვევა სასმელი წყლის მილსადენის სანიტარული დაცვის ზონა და გაზრდილია სასმელი წყლის დაბინძურების რისკი.

მშენებლობა მიმდინარეობს იმისდა მიუხედავად, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს არ აქვს გაცემული ნებართვა, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო კი მიუთითებს სანიტარული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევაზე და სასმელი წყლის დაბინძურების მაღალ რისკებზე.

ამ მილსადენით სასმელი წყალი მიეწოდება დიღმის მასივის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კვარტლებს, ასევე წერეთლის გამზირს.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დიღმის ტყე-პარკში კალაძეს დაგეგმილი აქვს ახალი მშენებლობები, რასაც თბილისისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე შეიძლება შეეწიროს.

ამიტომ, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ყველა სამუშაო, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი სანიტარული ნორმების დაცვა და დაიწყოს გამოძიება, თუ როგორ და რატომ ხორციელდება პროექტები სანიტარული დაცვის ზონაში სათანადო ნებართვების გარეშე!

ვის ინტერესებში შედიოდა საკანალიზაციო ქსელის უნებართვო მონტაჟი და იკვეთება თუ არა მერიის მაღალჩინოსნების კორუფციული ინტერესი დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით!

და ბოლოს, დიღმის ტყე პარკის მთელ ტერიტორიას, რაც 20 ჰექტარს შეადგენს, უნდა მიენიჭოს სარეკრეაციო მწვანე ზონის სტატუსი და ეს ტერიტორია განვითარდეს როგორც ტყე!

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოირიცხოს ამ ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენება“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.