Companies Market Cap-ის მიხედვით, ევროკავშირში მოქმედი 1,755 საჯარო კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 14.45 ტრილიონ დოლარს აღწევს. წარმოგიდგენთ EU-ის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას, რომელთა შეფასება 2025 წლის 11 სექტემბრის მონაცემებზეა დაფუძნებული.
ჩამონათვალში პირველ ადგილს ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში 1984 წელს დაფუძნებული კომპანია ASML იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $316 მილიარდს აჭარბებს. იგი მსოფლიოში რიგით 33-ე ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიაა. ჰოლდინგი ინტეგრირებული სქემების (ჩიპების) წარმოებისთვის გამოყენებული ფოტოლითოგრაფიული აპარატების შემუშავებასა და წარმოებაშია სპეციალიზებული.
ტოპ-10-ში მეორე პოზიციას 1972 წელს გერმანიაში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SAP იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $315.6 მილიარდს შეადგენს. როგორც ხედავთ, მასა და ASML-ს შორის სხვაობა საკმაოდ მცირეა და არ არის გამორიცხული, რომ ამ უკანასკნელს SAP-მა მალე ევროკავშირის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი ჩამოართვას.
სიაში მესამე ადგილს სჯერდება მოდის ინდუსტრიის გიგანტი, LVMH, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $288 მილიარდს მცირედ აჭარბებს. კომპანია, 1987 წელს, მოდის სახლ Louis Vuitton-ის (დაარსებული 1854 წელს) Moët Hennessy-ისთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ის დღეს დაახლოებით 60 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის გარდა, LVMH-ის პორტფელში შედის Christian Dior Couture-ი, Givenchy, Fendi, Celine-ი, Kenzo, Tiffany, Bulgari, Loewe-ი, TAG Heuer-ი, Marc Jacobs-ი, Sephora, Loro Piana და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში 3-3 წარმომადგენელი ჰყავს ნიდერლანდებს, საფრანგეთსა და გერმანიას, მეათე კომპანია კი დანიაშია დაფუძნებული.