მსოფლიოში უდიდესმა აისბერგმა A23a კვლავ დაკარგა დიდი ფრაგმენტი და მყისიერად შეამცირა თავისი ზომა თითქმის 20%-ით, – ამის შესახებ ხუთშაბათს არქტიკისა და ანტარქტიდის კვლევითი ინსტიტუტის პრესსამსახურმა განაცხადა.
„ბოლო კვირების განმავლობაში აისბერგს ოთხი დიდი ფრაგმენტი მოწყდა, რომელთა საერთო ფართობი 800 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. ისინი დამოუკიდებელი აისბერგების სახით აგრძელებენ არსებობას. ყინულის გიგანტი A23a ამჟამად ჩრდილოეთისკენ მიემართება, ხოლო მისი ზოგიერთი ფრაგმენტი საპირისპირო, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. ისინი გემებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან საკმარისად დიდია და გემის რადარებით ადვილად ფიქსირდება“, - განაცხადა არქტიკისა და ანტარქტიდის კვლევითი ინსტიტუტის ყინულისა და ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის მთავარმა სპეციალისტმა, პოლინა სოლოშჩუკმა, რომელსაც პრესსამსახური ციტირებს.
სოლოშჩუკმა დასძინა, რომ აისბერგების დნობა ასევე არ იმოქმედებს მსოფლიო ოკეანის დონეზე, რადგან პროცესი ნელია და წყალს აქვს დრო თანაბრად გადანაწილდეს.
ზუსტდება, რომ ამ დროისთვის A23a-ს ფართობი 1,4 ათას კვადრატულ კილომეტრს აღემატება და ის კვლავ მსოფლიოში ყველაზე დიდ აისბერგად რჩება. აისბერგი სამხრეთ ჯორჯიის კუნძულიდან ჩრდილოეთით 130 კილომეტრში მდებარეობს.